logo
ENG



სამოქალაქო საზოგადოება ოცნებას: გათავისუფლდნენ მელია და რურუა, გატარდეს საარჩევნო რეფორმა

05 მარ 202114:00
3 წუთის საკითხავი
clock 1347
2021/03/05/11lf3nn1uwbdejd.jpg

არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მიესალმებიან  პოლიტიკური პარტიების დიალოგის განახლებასა და  ევროპელი პარტნიორების აქტიურ როლს ამ პროცესში. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შემოთავაზებული 6 პუნქტის გარშემო შეთანხმების მიღწევა კრიზისიდან გამოსვლის საშუალებაა.

"მიგვაჩნია, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევა შესაძლებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შედეგად, რომელთა მიზანი არსებული დაძაბული სიტუაციის განმუხტვა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ინსტიტუციური რეფორმების გატარება უნდა იყოს", - ნათქვამია მიმართვაში.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, პოლიტიკური კრიზისი, განსაკუთრებით გამძაფრდა პოსტსაარჩევნო პერიოდში. სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში არ მუშაობს ხელისუფლების დანაწილების დაბალანსებული სისტემა.

"პარლამენტი უკიდურესად სუსტ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, რომელიც ეფექტურად ვერ აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, ოპოზიციას არ აქვს მინიჭებული საპარლამენტო კონტროლის ეფექტური მექანიზმებით სარგებლობის უფლებამოსილება და მისი როლი ფაქტიურად იგნორირებულია. მართლმსაჯულების სისტემა არ მოქმედებს კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვით და მის მიმართ საზოგადოების ნდობა ძალზედ დაბალია. ხშირია კანონის აღსრულების შერჩევითი მიდგომები და პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები", - ნათქვამია მიმართვაში.

განცხადებაში ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას საკითხზეც არის გამახვილებული ყურადღება. სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრება ამის მკაფიო ილუსტრაციაა და სახეზეა მაღალი დონის კორუფციის არსებობის უტყუარი ნიშნები.

"საზოგადოება და მედია არის უკიდურესად პოლარიზებული. აგრესიული გარემო ზოგ შემთხვევაში ადამიანებს ფიზიკური ანგარიშსწორებისკენაც უბიძგებს, რისი მკაფიო დადასტურებაა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტი. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური კრიზისი კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას. შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს თავიდანვე განმუხტავდა დამოუკიდებელი ინსტიტუტების კანონის შესაბამისად მოქმედება, თუმცა, სამწუხაროდ, ისინი უმეტესწილად პოლიტიკური დაკვეთით მოქმედებენ. ამის მკაფიო მაგალითი, საპარლამენტო არჩევნების დროს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის (ცესკო, შსს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სასამართლო და ა.შ) არასათანადო მუშაობა იყო", - ნათქვამია განცხადებაში.

მიმართვაში ნათქვამია, რომ პრობლემების გადაწყვეტა საჭიროებს საზოგადოების კონსოლიდაციის განსაკუთრებულ ხარისხსა და მთავარი მიზნის გამოკვეთას, რაც ქვეყნის წინსვლის წინაპირობა იქნება. NGO-ებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მიაჩნიათ, რომ ამისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მმართველი პარტიის მხრიდან არსებობდეს იმის განცდა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე უმეტესად პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ.

"მათ უნდა გამოიჩინონ პოლიტიკური ნება, რომ მზად არიან გადადგან კონკრეტული ნაბიჯები ქვეყანაში დაძაბულობის განმუხტვის, პოლარიზაციის დასრულებისა და დემოკრატიული რეფორმების გზით ძალაუფლების განაწილების კუთხით. მნიშვნელოვანია, ასევე ოპოზიციამ არ თქვას უარი პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება დიალოგისკენ გადადგამს კონკრეტულ პოზიტიურ ნაბიჯებს", - ნათქვამია მიმართვაში.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოუწოდებენ მმართველ პარტიას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ვითარების დეესკალაცია და მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების დაწყება.

"აუცილებელია ამ პროცესში ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის თანამონაწილეობა და პოტენციურ ვადამდელ არჩევნების საკითხზე შეთანხმებასთან ერთად, ყველა იმ ნაბიჯის გადადგმა, რაც ქვეყანას განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს, უზრუნველყოფს დაბალანსებისა და გაწონასწორების ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას, რაც მომავალში სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიკური გავლენების ქვეშ მოქცევას გამორიცხავს და ქვეყნის ევროინტეგრაციას შეუქცევადს გახდის", - აცხადებენ სამოქალაქო საზოგადოებაში.

მიმართვაში ნათქვამია, რომ კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, უნდა გადაიდგას რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი:

1) უნდა გათავისუფლდნენ ნიკა მელია და მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუა და უნდა შეწყდეს სამართლებრივი დევნა პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა და კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა, ასევე, ე.წ. კარტოგრაფების საქმის ფიგურანტების წინააღმდეგ;

2) უნდა გატარდეს რეალური საარჩევნი რეფორმა - საპარლამენტო საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს სრულად პროპორციული სისტემით, უფრო მცირე ბარიერით;

3) გაძლიერდეს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია და ოპოზიციას პოლიტიკურ პროცესზე გავლენის გარკვეული ბერკეტები გადაეცეს;

4) გადაიდგას ნაბიჯები მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის მიმართულებით. კერძოდ, აუცილებელია მოხდეს შეთანხმება გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ნეიტრალური პირის დანიშვნის თაობაზე. ასევე, შეიცვალოს გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი და ამ პროცესში გაიზარდოს საპარლამენტო უმცირესობის როლი. სამოქალაქო საზოგადოებაში მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია, ჩატარდეს სასამართლოს რეალური რეფორმა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელიც უზრუნველყოფს მოსამართლის ავტონომიურობის ზრდის მეშვეობით მართლმსაჯულების სისტემაში ძალაუფლების დეკონცენტრაციას

"მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს ნეიტრალური და კვალიფიციური მოსამართლეებით დაკომპლექტება და კანდიდატების კონსენსუსით დანიშვნაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, რომლებიც არ იქნებიან მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან ე.წ. „კლანის“ წევრებთან დაკავშირებულნი", - ნათქვამია განცხადებაში.

5) უნდა ჩატარდეს ეფექტური ანტიკორუფციული რეფორმა და დაიწყოს მუშაობა ეროვნული ანტიკორუფციული სამსახურის ჩამოყალიბების მიმართულებით, რომლის მთავარი ფუნქცია ქვეყანაში კორუფციის პრევენცია და გამოძიება იქნება. უწყება ანგარიშვალდებული უნდა იყოს პარლამენტის წინაშე. უწყების ხელმძღვანელი ოპოზიციის ჩართულობით უნდა დაინიშნოს.

"საზოგადოებრივი ორგანიზაციები  მზად ვართ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით წინადადებები წარვუდგინოთ როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციას და აქტიურად ჩავერთოთ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში, რათა  მომდევნო არჩევნებს უფრო დაბალანსებული და დემოკრატიული სისტემით შევხვდეთ", - ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვის ხელმომწერები არიან:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო;
  • ღია საზოგადოების ფონდი;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
  • საზოგადოება და ბანკები;
  • მწვანე ალტერნატივა;
  • ცენტრი ემპათია;
  • კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  • მედიის განვითარების ფონდი;
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია;
  • საფარი;
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი; 
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი;
  • საქართველოს გაეროს ასოციაცია;
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი;
  • სამოქალაქო პლატფორმა 20/20;
  • გიორგი მშვენიერაძე - იურისტი;
  • ლაშა ბუღაძე - მწერალი, დრამატურგი;
  • რატი ამაღლობელი - პოეტი;
  • პაატა შამუგია - საქართველოს პენ ცენტრის პრეზიდენტი, პოეტი;
  • ნინია კაკაბაძე - ჟურნალისტი;
  • გია ხუხაშვილი - პოლიტიკის ანალიტიკოსი;
  • ხათუნა ლაგაზიძე - პოლიტოლოგი;
  • ლაშა ტუღუში - ლიბერალური აკადემია თბილისი;
  • ზვიად ქორიძე - ჟურნალისტი;
  • ნინო დანელია - მედია კლუბი;
  • გიორგი ქადაგიძე - საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი;
  • კახი ყურაშვილი - სამართლის დოქტორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი;
  • კოტე ჩოკორაია - ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
  • მალხაზ ნაკაშიძე - ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • თენგიზ თევზაძე - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი;
  • გიორგი გორაძე - პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი;
  • გივი ლუაშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, თბილისის ღია უნივერსიტეტის ასისტენტი;
  • ნინო ბოჭორიშვილი - სამართლის დოქტორი, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
  • დავით ჯანდიერი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (ჯიპა);
  • ზურაბ ჯიბღაშვილი - სამართლის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

 


close დახურვა