logo
ENG



ეუთო/ოდირმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა

06 მარ 202113:33
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.

43-გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ: 

შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, უმეტესად, დაცული იყო. პარტიებს შეეძლოთ, თავისუფლად და ზედმეტი შეზღუდვების გარეშე ეწარმოებინათ კამპანია. 

თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია პარტიის მომხრეთა და საჯარო სექტორის თანამშრომლების დაშინების შესახებ. 

მმართველ პარტიას და სახელმწიფოს შორის ზღვარი ხშირად ბუნდოვანი იყო, რაც ეწინააღმდეგება ეუთოს ვალდებულებებს და კარგ საერთაშორისო პრაქტიკას. 

კამპანია აქტიურად ჩატარდა მედიასა და ონლაინ სივრცეში. ბევრი სუბიექტი ფეისბუქით უკავშირდებოდა ამომრჩევლებს, თუმცა, ცოტა იყო დისკუსია არსებითი საკითხების შესახებ. მეტიც, ეუთო/ოდირმა შეამჩნია, რომ კანონმდებლობა მცირე პარტიების საზიანოდ იყო შექმნილი. 

ოდირის დამკვირვებლებმა გამოავლინეს პარტიის კოორდინატორები და აქტივისტები, რომლებიც საარჩევნო უბნებთან აღრიცხავდნენ ამომრჩევლებს. ასევე, იყო ძალადობრივი ინციდენტები გლდანის საარჩევნო უბანთან, რასაც 6 ადამიანის დაპატიმრება მოჰყვა. 

დაცული იყო ხმის მიცემის ფარულობა, თუმცა, უნებართვო ვიდეო და ფოტო გადაღებამ ხელი შეუწყო ამომრჩევლების უმეტესობის პოტენციურ დაშინებას. ეუთო/ოდირის დამკვირვებლებისთვის არ იყო ცნობილი იმ პირთა ვინაობა, ვინც ვიდეოს ჩაწერას ახორციელებდა. დამკვირვებლების თქმით, ასეთი ფაქტები ამომრჩეველთა თვალყურის დევნების კიდევ ერთი საშუალებაა, რაც შეიძლება პოლიტიკურმა მხარეებმა არჩევნების დღის შემდეგ პოტენციურად ბოროტად გამოიყენონ.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ბოიკოტის რეჟიმშია. პარტიები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა.

თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. 

1-ლ მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში ოფიციაური შეხვედრები გამართა, მათ შორის, მოაწყო შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდენ. ოპოზიციის მოთხოვნებს მიშელმა საარჩევნო სისტემა დაამატა. 

მისივე თქმით, შედეგებით 16 მარტს დაინტერესდება - სწორედ 16 მარტს ტარდება ევროპასთან ასოცირების სხდომა. 


close დახურვა