ტატო ცეცხლაძე, ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, რომელიც ახლა აშშ-ში ცხოვრობს, ფორმულას ეთერში ყვება, რომ 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი მასაც დაემუქრა.
მისი თქმით, კრიტიკული პოსტი მან ფეისბუქზე მაშინ დაწერა, როცა დროებით მიმტანად მუშაობდა და ბერა ივანიშვილს მოემსახურა, მან კი მიმტანს ე.წ თიფი - სერვისისთვის დამატებითი თანხა არ დაუტოვა.
ცეცხლაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ფეისბუქზე პოსტი დაწერა, ბერა ივანიშვილი რესტორნის მფლობელს დაუკავშირდა.
"სტატუსის დაწერიდან ნახევარ საათში მოვიდა ობიექტის მფლობელი, მენეჯერი. მფლობელმა მთხოვა, წამეშალა სტატუსი. მე ვუთხარი უარი. ამის შემდეგ მას დაუკავშირდა უშიშროების წარმომადგენელი, ის მესაუბრა მერე, მერე მესაუბრა ბერა ივანიშვილი.
მან მითხრა, რომ როგორც მიმტანმა ჩავთვალე, რომ მილიონერის შვილს ვესაუბრებოდი და გადავწყვიტე ფულის გაკეთება, რომ ვიყავი პოლიტიკური პარტიების მიერ მიგზავნილი, რომ გამეკეთებინა ფული. მომაყენა ძალიან პირადი შეურაცხყოფა, ეხება ჩემი ოჯახის წევრებს. მითხრა, რომ თუ მე ამ ამბავს გავაგრძელებდი, მექნებოდა სერიოზული პრობლემები". - ყვება ცეცხლაძე.
მისივე თქმით, იმავე საღამოს, მუშაობის დასრულების შემდეგ მას დაბურულშუშებიანი მანქანებთ გაყვნენ, რაც მან აღიქვა დაშინების მცდელობად. ცეცხლაძე ყვება, რომ მსგავსი რამ რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
"რამდენიმე დღის მანძილზე გადაბმულად მირეკავდნენ უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები.
ისინი ითხოვდნენ, წამეშალა სტატუსი და მომეხადა ბოდიში". -- ამბობს ცეცხლაძე.
ფორმულას ეთერში მან თქვა, რომ დაახლოებით 2 კვირის შემდეგ რესტორნის მფლობელმა ის სამსახურიდან გაათავისუფლა.
ცეცხლაძე ირწმუნება, რომ მისი მონაყოლის დადასტურება რესტორნის მენეჯერსაც შეუძლია. მფლობელმა კი, მისი ბიზნესისთვის შესაძლო რისკების გამო, შეიძლება ამაზე უარი თქვას.
6 მარტს ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.
ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა.
ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.
ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.