logo
ENG



თარგამაძის OP-ED: შარტავა, საბჭოთა თაობის ტიპური წარმომადგენლიდან ეროვნულ გმირამდე

07 მარ 202122:18
3 წუთის საკითხავი
clock 1513

რთულია ღრმა დეპრესიაში არ ჩავარდე, როდესაც ქვეყანა უფსკრულში იჩეხება, ხელისუფლება კი ისე იქცევა თითქოს ეს მას სულაც არ ეხება... როდესაც გამოსავლის საპოვნელად ქართველი პოლიტიკოსები ერთ მაგიდაზე დასხდომასაც ვერ ახერხებენ და მათი "შერიგება" კი არა თუნდაც მორიგება ბრიუსელის და ვაშინგტონის თავის ტკივილი ხდება. ნაცვლად იმისა, რომ მათი ენერგია და რესურსი, რეგიონში შექმნილი დრამატული ვითარების ფონზე, საქართველოსთვის ბევრად სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემებისთვის მოგვეხმარა. ძნელია სრული იმედგაცრუება არ დაგეუფლოს, როდესაც ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ვარდნაა; მცირე და საშუალო ბიზნესი განადგურების პირასაა; ისედაც უკიდურესად ღარიბი ქვეყნის ეკონომიკა ჩამოშლისთვის, მილიონზე მეტი ადამიანი კი სიღატაკისა და შიმშილისთვისაა განწირული. ამ დროს კი ხელისუფლება საქმის კეთების ნაცვლად ისევ სისხლიან 9 წელზე და კასრების საქმეზე საუბრობს.

ოცნების შიდა რღვევის შედეგად ფარული ჩანაწერების, დისკრედიტაციისა და სიბინძურის ტირაჟირებით ომი ქართულ პოლიტიკაში კი არ სრულდება, ახალ ფაზაში გადადის. რთულია სიმწრის ცრემლი არ მოგადგეს, როდესაც კორონავირუსი 3 ათას 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლეს გართმევს, ხელისუფლება კი ყოყლოჩინობას არ ეშვება, თავს ისრაელს ადარებს და ურცხვად ამტკიცებს, რომ კოვიდს სხვაზე უკეთ ებრძვის. და ეს მაშინ, როდესაც სანდიეგოს ზოოპარკში მაიმუნებს ცრიან. უგანდაში, კონგოში, ბურკინა ფასოსა და კიდევ ბევრ სხვა ისეთ ქვეყანაში, რომელთა არსებობის შესახებაც აქამდე წესიერად არც კი ვიცოდით, ვაქცინაცია უკვე კარგა ხნის დაწყებულია. ოცნების ხელისუფლება კი ხან ფაიზერს უჩივის, ხანაც კოვაქსის პლატფორმას. აი, კოვიდ-ვაქცინა როდის გვექნება მხოლოდ ღმერთმა უწყის. ძნელია სასოწარკვეთილებამდე არ მიხვიდე, როდესაც 13 წლის ბავშვი 50 წლის კაცისგან შვილს აჩენს, ხოლო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 14 წლის გოგონა თავს იკლავს... როდესაც არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა ლამისაა ჩვეულებრივ ამბად იქცეს, ხოლო ოჯახი, სკოლა, სოციალური სამსახური, პოლიცია და მთელი სახელმწიფო სისტემა მხოლოდ გულგრილი და უძლური კი არ არის, ზოგჯერ ხელსაც უწყობს ამ ყველაფერს.

ან რატომ გვიკვირს? ეს ის ქვეყანა არ არის, რომლის განათლების მინისტრიც, ღირებულებათა სრული აღრევის, დეგრადაციის და მასობრივი გაუნათლებლობის ფონზე, კოსმოსური სააგენტოს დაარსებაზე აკეთებს აქცენტს; მასწავლებლების მთავარი დანიშნულება მმართველი პარტიის სასარგებლოდ საარჩევნო პროპაგანდა ხდება, ხოლო სასკოლო საგნების ჩამონათვალსა და სახელმძღვანელოების შინაარსს ფანატიკური ხედვების მქონე რელიგიური ჯგუფები გვიდგენენ. უამრავი სხვა მიზეზიც არსებობს იმისთვის, რომ სრული უიმედობა დაგვეუფლოს და ვთქვათ, რომ უბრალოდ აღარ შეგვიძლია: ვერც სახელმწიფო ავაშენეთ, ვერც ერად შევდექით, ვერც ერთმანეთთან საუბარს ვახერხებთ და აღარც მეგობრების შეგონება გვესმის. ჰოდა და იქნებ ისევ ერთმორწმუნე რუსეთმა გვიშველოს, მიგვიერთოს, ჩაგვიხუტოს და ის ძველი ფუნქცია დაგვიბრუნოს, რომელსაც არც გონება და განათლება, არც შრომა და გარჯა, არც თავდადება და სიმამაცე და რაც მთავარია პასუხისმგებლობა სჭირდება. დაგვიბრუნოს მასხარის, ჭკუამხიარული, მოცეკვავე და მომღერალი ქართველის ფუნქცია, საქართველო კი კვლავ გახდეს წყალგარეული ღვინისა და უყველო ხაჭაპურის სამშობლო, გავართოთ ჩრდილოელი მეზობელი, ბონუსად სპუტნიკიც დავირჭოთ და ვიცხოვროთ ასე "ბედნიერად"....

თუმცა ამ დროს სახელმწიფო თუ არა ჩვენ მაინც შეგახსენებთ და შევახსენებთ უპირველესად საკუთარ თავს, რომ დღეს ჟიული შარტავას დაბადების დღეა. 7 მარტს 77 წელი შეუსრულდებოდა კაცს, რომელიც საბჭოთა თაობის ტიპური წარმომადგენლიდან საქართველოს ეროვნულ გმირად იქცა და სიცოცხლე ისე დაასრულა, რომ მისი ბევრ წმინდანსა თუ ისტორიულ ფიგურას შეშურდებოდა. კათოლიკოსი ილია ერთ უცნაურ ამბავს იხსენებს: სოხუმის დაცემიდან რამდენიმე თვეში, პატრიარქის სახელზე უცნობი ავტორის რუსულად დაწერილი ბარათი მოვიდა, სადაც შემდეგი სიტყვები ეწერა: "ჩვენ არ ვიცოდით, ვის ვესროდით, მაგრამ ერთი კია, გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშრობამ, სიმამაცემ, სამშობლოს ამგვარმა სიყვარულმა. და, თუ საქართველოს თუნდაც ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, ამ ქვეყანას გადაშენება არ უწერია". ბარათის ავტორი იყო კაცი, რომელიც მტრის ბანაკში იბრძოდა და შარტავასა და მისი მეგობრების წამებაში თუ არ მონაწილეობდა ამ ფაქტს შეესწრო. ჟიული შარტავა დღეს 77 წლის გახდებოდა, ამას პათეტიკისთვის არ ვიმეორებ, უბრალოდ მინდა იმედგაცრუებულებმა და საკუთარ თავში დაეჭვებულებმა გავიაზროთ, რომ ეს ადამიანი სადმე შორეულ წარსულში კი არ ცხოვრობდა, რომლის შესახებაც ისტორიის წიგნებიდან შევიტყვეთ, ჩვენი თანამედროვე იყო, ჩვენს შორის დადიოდა, ხელს გვართმევდა, გვიღიმოდა. იმდროინდელი აფხაზეთის უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირმა ხალხის წინაშე პასუხისმგებლობის გასაოცარი მაგალითი გვაჩვენა. სოხუმის დაცემის საათებში მან აფხაზეთი არ დატოვა, პირისპირ აღმოჩნდა გამძვინვარებულ მტერთან და თანამებრძოლებთან ერთად ფაქტობრივად თავი გაწირა. რითაც, თანამედროვე საქართველოს რეალობაში პოლიტიკური პასუხისმგებლობის, ღირსებისა და სიმამაცის ძალიან მაღალი სტანდარტი დაამკვიდრა... დღეს ჟიული შარტავას დაბადების დღეა. სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, რომელმაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება დამსახურებულად პირველმა მიიღო. გასაგებია, რომ ვინც კი პოლიტიკაში მოდის, ყველას გმირობას ვერ მოვთხოვთ, მაგრამ არსებობს თუნდაც ჟიული შარტავას და არაერთი ქართველი პოლიტიკოსის მიერ დამკვიდრებული მინიმალური სტანდარტი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ისინი ღირსნი იქნებიან - სახელმწიფო მოღვაწე ვუწოდოთ.


close დახურვა