ქართული ოცნების დეპუტატი შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე შექმნილ ჯგუფს "თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოება" "პრონწკს" და "პოლიტიკურს" უწოდებს.
ამასთან, პაპუაშვილი ჯგუფის წევრებს მიმართავს და ამბობს, რომ "ჰეითერობა სირცხვილია".
"არის ასეთი ფეისბუკ-ჯგუფი "თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოება". "აპოლიტიკური" ჯგუფი, რომლის ადმინიც ორგანიზაცია "სირცხვილია" და რომელშიც მოწოდებებს პარტიების წარმომადგენლები აკეთებენ... ყოველ შემთხვევაში, ჩემს ფეისბუკ-გვერდზე შემოსევის ბრძანება ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელმა გასცა.
დიდი ჯგუფია. პრონწკი. ყველანი იქ სხედან. ყველა, ვინც გარეთ მშვიდი გამომეტყველებით ადამიანზე, უფლებებზე, დემოკრატიაზე, სტრასბურგებზე და სტანდარტებზე გველაპარაკება. სინამდვილეში, იგივე მშვიდი გამომეტყველებით, მონაწილეობენ კონკრეტული ცოცხალი ადამიანის სამიზნედ ამოღებაში, ჯგუფის წევრების ზიზღით დამუხტვაში, ადამიანზე სიტყვიერი თავდასხმის დაგეგმვაში, დატროლვის ტაქტიკის დალაგებაში, ზომბებივით სოციალური ქსელის პროფილებზე შესევაში და ცოცხალ-მკვდარის ამოტრიალებაში.
შესრულებული მისიის შემდეგ კი კმაყოფილების ბუკის და სიამაყის ნაღარის ყიჟინას აყენებენ. თუმცა, ეს ყიჟინაც ჩაივლის, ყავის ბოლო ყლუპს მოხვრეპენ, ლეპტოპს დახურავენ და მორიგ ეთერში წავლენ, რათა გულწრფელი გამომეტყველებით გვესაუბრონ რომ ცხოვრებაში მთავარი ადამიანია და ქცევაში კი - მორალი.
სიტყვა "მანიაკი" ისმის ეს ბოლო პერიოდი. რა ვიცი, თუ რამეა მანიაკობა, ალბათ, სწორედ ასეთ ჯგუფებში ადამიანზე თავდასხმის დაგეგმვა, ზომბებივით სხვის პროფილებზე შესევა, ზიზღის დანთხევა და ამით ვირტუალური სიამოვნების მიღებაა.
ჰოდა, სიტყვამ მოიტანა და, ძვირფასო მსგავსი ჯგუფების წევრებო, ორგანიზაცია "სირცხვილია" კი გიწევთ ადმინობას, მაგრამ მარტო მაგიტომ არა, ზოგადად, სირცხვილია ჰეითერობა", - წერს შალვა პაპუაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ პაპუაშვილის მიერ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ჯგუფს სახელწოდება შეეცვალა და "თავისუფლების გამავრცელებელი (პრონწკი) საზოგადოება" დაერქვა.