logo
ENG



პროკურატურა: იმედია, TV პირველი ითანამშრომლებს, არავინ არ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას

11 მარ 202113:54
3 წუთის საკითხავი
 
პროკურატურა: იმედია, TV პირველი ითანამშრომლებს, არავინ არ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას

პროკურატურა ეხმურება TV პირველიდან მასალების ამოღების ნებართვაზე გაცემულ მოსამართლის განჩინებას და განმარტავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია "ტელევიზიაში შეჭრაზე", არის სიცრუე.

ფორმულას კითხვას, გათვალისწინებულია თუ არა "იძულების" ზომა წინააღმდეგობის შემთხვევაში, უწყებაში არ პასუხობენ. პროკურატურის პრესსამსახური მხოლოდ განმარტავს, რომ "არავინ არ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას".

"ამის დადასტურებას წარმოადგენს ჩვენს მიერ ამოღების განჩინების ტელევიზიისთვის მიწოდებაზე მათთან წინასწარი სატელეფონო კომუნიკაცია და განჩინების მათთვის ფოსტით გაგზავნის ფაქტიც. მსგავსი სახის ინფორმაცია ცალსახად არასწორია და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას", - აცხადებენ უწყებაში. 

პროკურატურა "არასწორ ინტერპრეტაციას" უწოდებს იმასაც, რომ მათ ტელეკომპანიიდან ეთერში გასული ჩანაწერები არ მოუთხოვიათ. 

"ტელეკომპანიის დღეს გაჟღერებული პოზიცია, რომ საგამოძიებო ორგანოს ეთერში გასული ჩანაწერები არ მოუთხოვია წარმოადგენს სასამართლოს განჩინების არასწორ ინტერპრეტაციას, რაც აჭიანურებს გამოძიების მიერ დაგეგმილი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას.

განვარტავთ, რომ ელექტრონული ინფორმაცია, მათ შორის აუდიოფაილები შეიძლება დატანილი იყოს ელექტრონული ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობაში, როგორიცაა ტელეფონი, ელ.დისკი, კომპიუტერი, გარე მყარი დისკი და ა.შ. და კომუნიკაციის მხარეს შეიძლება გადაეცეს ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობით", - აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურაში, ასევე იმედს გამოთქვამენ, რომ ტელეკომპანია TV პირველი ითანამშრომლებს გამოძიებასთან:

"იმედი გვაქვს, ტვ პირველი მოგვაწვდის მათთვის წყაროს მიერ გადაცემულ აუდიოფაილებს იმ ელექტრონულ მოწყობილობასთან ერთად, რომლითაც მათ ეს ფარული ჩანაწერები მიეწოდათ.

[...] გამოძიების მიზანია სწრაფად განხორციელდეს ტელეკომპანიის ეთერში გასული ფარული ჩანაწერების მოპოვება/მიღება, რათა დროულად დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები, მათი ავთენტურობის დადგენის მიზნით და ჩატარდეს სხვა საჭირო საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებები". 

დღეს, 11 მარტს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და TV პირველიდან მასალების ამოღების ნებართვა მისცა. "წინააღმდეგობის შემთხვევაში" განჩინება მათ ამოღებისას "იძულების პროპორციული ზომის" გამოყენების ნებართვას აძლევს.

ფრაზა იძულებაზე აღნიშნულია მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის განჩინებაში, რომელიც ტელეკომპანიამ 10 მარტს მიიღო.

TV პირველის წამყვანი, მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე აღნიშნავს, რომ მისთვის გაურკვეველია, რა იგულისხმება იძულებით მასალების ამოღებაში.

მისივე ვარაუდით, საგამოძიებო ორგანოს მიზანია, დაადგინონ წყარო და არა უშუალოდ აუდიოჩანაწერებში გაჟღერებული ფაქტები.

"მათი მიზანია, როგორმე დაადგინონ ის, ვისი საშუალებითაც მედიამ მოიპოვა ეს აუდიოჩანაწერები და არა თავად ამ აუდიოჩანაწერებში არსებული მძიმე დანაშაულის ნიშნები.

ყველაზე გასაოცარია სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც მოსამართლე კლდიაშვილი პროკურატურას ეუბნება, რომ კონვერტზე და ელექტრონულ მატარებელზე, ამოღების უფლებას გაძლევო, მაგრამ თუ ვერ ამოიღებო, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, გამოიყენეთ იძულებითი პროპორციული ზომაო. რას ნიშნავს, ანუ პროკურორები შემოიჭრებიან ტელევიზიაში და დაიწყებენ კომპიუტერებში ძებნას, კიბეს მოადგამენ თუ ნიუსრუმებს გაჩხრეკენ", - ამბობს ნოდარ მელაძე. 

საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ შემდეგნაირად არეგულირებს პროფესიული საიდუმლოებისა და წყაროს დაცვას: 

"1. პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის ვალდებულება".

ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად:

"ჟურნალისტი არ შეიძლება იყოს მოწმე მისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით".

***

ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა. 

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, არა ერთმა ადამიანმა მედიისა და თუ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილმა ან მასთან დაახლოებულმა პირებმა, ბერაზე ნეგატიური კომენტარის გამო, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.  

პროკურატურამ ამ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.


close დახურვა