logo
ENG



ოპოზიცია: ივანიშვილის რეჟიმის გადაწყვეტილება, თავს დაესხას მედიას, ავტორიტარიზმის ნიშანია

11 მარ 202118:52
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/11/b98q9gmq5spsr1s.jpg

ოპოზიციური პარტიები თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას, რომლითაც პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მიეცა, ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.

"ივანიშვილის რეჟიმის გადაწყვეტილება თავს დაესხას დამოუკიდებელ და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიას, სრულიად უკანონო, დანაშაულებრივი გადაწყვეტილებით შეიჭრას ტელევიზიაში, მოსთხოვოს მას მამხილებლის პიროვნების გათქმა, არის ავტორიტარიზმის საშიში ნიშანი, რომელსაც ქართული საზოგადოება და დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები არ შევეგუებით.

რეჟიმის სურვილი დასაჯოს ყველა ვინც ივანიშვილს ან მის ოჯახს უსიამოვნებას მოგვრის, ამხელს მათ დანაშაულებრივ საქმიანობას, მიუთითებს თუ რამდენად დიდი საშიშროების წინაშე დგას ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი.

ტვ პირველმა, ნოდარ მელაძემ და მათმა წყარომ ამხილა მძიმე დანაშაული. დანაშაული რომელიც ამხელს ივანიშვილის რეჟიმის  ბუნებას, ძალადობას რომლის უკან უმაღლესი თანამდებობის პირები დგანან. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთ დროს  გამოძიება ამ დანაშაულებათა შესახებ იწყება და არა პირიქით. ივანიშვილის მარიონეტი სასამართლოს ეს უკანონო გადაწყვეტილება უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კანონს გამოხატვის თავისუფლების შესახებ ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს. 

ქართველი ხალხის სურვილი იცხოვრონ დემოკრატიულ, თავისუფალ საზოგადოებაში გადასინჯვას არ ექვემდებარება და ოპოზიციური პარტიების უმთავრესი ამოცანა ამ ნების აღსრულებაა", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; ევროპული საქართველო; ლელო; თავისუფალი საქართველო; ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა; ტრიბუნა; სახელმწიფო ხალხისათვის; რესპუბლიკური პარტია; პროგრესი და თავისუფლება; სტრატეგია აღმაშენებელი; გირჩი-მეტი თავისუფლება; თავისუფალი დემოკრატები; სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის; მოძრაობა დროა; გამარჯვებული საქართველო; ევროპული დემოკრატები; ეროვნულ დემოკრატიული პარტია; ლეიბორისტული პარტია; ქრისტიან კონსერვატიული პარტია; ემსახურე საქართველოს; ირაკლი ღლონტი.

 

close დახურვა