logo
ENG



ანდრია ჯაღმაიძე "რელიგიურ ღონისძიებაზე ჩაშლის მიზნით შეჭრაში" მედიას ადანაშაულებს

14 მარ 202114:00
3 წუთის საკითხავი
 
ანდრია ჯაღმაიძე "რელიგიურ ღონისძიებაზე ჩაშლის მიზნით შეჭრაში" მედიას ადანაშაულებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ის, რაც გასულ კვირას მარტვილში მოხდა, "ზღვარს გადასული ქმედება და რელიგიური შინაარსის ღონისძიებაში, მისი ჩაშლის მცდელობით შეჭრაა". 

8 მარტს, მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში მედიის წარმომადგენლები მეორე სართულიდან, აივნიდან გადმოცვივდნენ და დაშავდნენ. ისინი იდგნენ იმ ოთახის კარებთან, სადაც ეპარქიის მღვდელმსახურები ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტთან, პეტრე ცაავასთან დაახლოებული ორი დიაკონის, კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხზე ახალი მიტროპოლიტის, სტეფანეს გადაწყვეტილებას განიხილავდნენ. 

ჟურნალისტები სწორედ ეპარქიის შიგნით დაპირისპირებას აშუქებდნენ,

პარალელურად კი შეკრებილი იყო მრევლი. ისინი როგორც ეპისკოპოსის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, ასევე ითხოვდნენ ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, პეტრეს მიერ საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენების შესახებ გაკეთებული ბრალდებების გამოძიებას. 

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ შეკრებილი ხალხი მრევლი არ იყო, ვინაიდან, მისი თქმით, "მრევლი არ ამბობს "წადი, წადი-ს" და "მონებოს". აქ იყო სხვა განზრახვა, შეჭრის მცდელობა". 

საპატრიარქოს წარმომადგენელი ბრალს მედიასაც სდებს, განსაკუთრებით დამნაშავედ კი "მთავარი არხის" ჟურნალისტი მიაჩნია. 

"ჩვენ კადრებში ვნახეთ და დღეს გავავრცელებთ სხდომაზე შიგნით გადაღებულ კადრებს, რომ იქ პირველი შეიჭრა მთავარი არხის ჟურნალისტი. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენ გვახსენდება, რომ სულ ცოტა ხნის წინ სწორედ ამ ჟურნალისტმა ფაქტობრივად ჩაშალა წირვის პროცესი და მრავალი ეპისკოპოსის თანდასწრებით მოხდა ეს. ეს არის იმისი დადასტურება, რაც მიმდინარეობს ეკლესიის წინააღმდეგ". - თქვა ჯაღმაძემ

მისივე თქმით, "მსგავსი რამ რომ მომხდარიყო ნებისმიერი სხვა კონფესიის შემთხვევაში, მგონი ეჭვი არ გვეპარება, რომ დღეს ადამიანის უფლებების დამცველი და საერთაშორისო ორგანიზაციები ამაზე ძალიან მძაფრ განცხადებას გააკეთებდნენ". 

ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლა, მათზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები, აგრესია, მედიის მისამართით კრიტიკა და მოწოდებები, რას უნდა აშუქებდეს მედია და რას არა, ბოლო პერიოდში ყოველდღიურობად იქცა. 

კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის 8 მარტსვე განაცხადა, რომ ის, რაც მარტვილში მოხდა, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

კოალიციამ დაწერა, რომ გარდა სხეულის დაზიანებისა, გავრცელებული კადრებიდან ჩანს, თუ როგორ უშლიდნენ ხელს სასულიერო პირები ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

მათ შსს-ს მიმართეს, დროული რეაგირებით შეისწავლოს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის და სხეულის დაზიანების ფაქტები. სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით შეაჩეროს მედიაზე გახშირებული თავდასხმები. 


close დახურვა