logo
ENG



კრისტიან დანიელსონი თბილისში კიდევ ერთი დღით რჩება

14 მარ 202121:47
3 წუთის საკითხავი
clock 3689
2021/03/14/950uth5ufx4y8i2.jpg

ევროპელი დიპლომატი, კრისტიან დანიელსონი თბილისში კიდევ ერთი დღით რჩება, რათა "გაგრძელდეს დისკუსიები და მხარეებს გამოსავლის მოძევნაში" დაეხმაროს. ამის შესახებ მან პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. 

როგორც დანიელსონმა აღნიშნა, შეხვედრები, რომელიც ჩატარდა, ნაყოფიერი იყო. 

"გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები. იმისთვის, რომ პროცესი კიდევ უფრო წინ წავიდეს, ჩვენ გვჭირდება მეტი დრო დისკუსიისთვის. ამიტომ გადავწყვიტე, რომ თბილისში კიდევ ერთი დღით დავრჩე და გავაგრძელოთ დისკუსიები, რათა, მხარეებს გამოსავლის მოძებნაში დავეხმარო. ყველა მხარე ძალიან ჩართულად მუშაობდა პროცესში. ხვალაც გავაგრძელებთ მუშაობას, მხარეებზე არის დამოკიდებული, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ. ვთანხმდებით იმაზე, რომ მხარეებმა გამოსავალი უნდა იპოვონ, მე ამაში მათ ვეხმარები", - განაცხადა დანიელსონმა, რომელსაც საქართველოში ვიზიტი დღეს უნდა დაესრულა. 

დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ ხვალ მხარეები გარკვეულ გადაწყვეტილებამდე მივლენ. 

"მოლაპარაკებების პროცესი არის რთული და უფრო მეტი დრო სჭირდება. ჩვენ ველოდებით, რომ მხარეები შეძლებენ უფრო დაახლოებას და ზუსტად ამაზე ვმუშაობთ. მუშაობა ხვალაც გაგრძელდება ამ საკითხზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მე დიდი იმედი მაქვს, ხვალ შემეძლება გამოვაცხადო, რომ გარკვეულ გადაწყვეტილებამდე მივედით", - ამბობს დანიელსონი. 

დანიელსონი დღეს დილიდან ჯერ ქართულ ოცნებას შეხვდა, შემდეგ - ოპოზიციას. დღის ბოლოს გაერთიანებული სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრის შემდეგ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დისკუსიები პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგაც გაგრძელდება, რადგან გარკვეული საკითხები დასაზუსტებელია, ხოლო ოპოზისიასთან ერთობლივი შეხვედრა დღეს აღარ გაიმართება.

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელს 16 მარტს ეწვევა და შეხვედრებს ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ნატოში გამართავს. ასევე, გაიმართება ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომა, სადაც ღარიბაშვილი წარსდგება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებში შუამავლობის ხელშესაწყობად ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა.

დანიელსონი თბილისში 12 მარტს, გამთენიისას ჩამოფრინდა. იმავე დღეს შეხვდა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს.

მიშელმა საქართველოში გამართული ვიზიტისას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მისი შუამავლობით შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს 16 მარტს დაგეგმილი ვიზიტის დროს ევროპარლამენტში კონკრეტული შედეგებით ელიან. 

მიშელმა საკითხების ჩარჩოც წარმოადგინა, რომელიც იმ საკვანძო თემებს მოიცავს, რომლის გარშემოც შემდგომი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს.  

დოკუმენტში სხვა რეფორმებთან ერთად ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაცაა შეტანილი. 

 


close დახურვა