logo
ENG



კობახიძე: წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებთ, დიალოგი პრემიერის ვიზიტის შემდეგაც გაგრძელდება

14 მარ 202120:15
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებთ, დიალოგი პრემიერის ვიზიტის შემდეგაც გაგრძელდება

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპელ დიპლომატთან, კრისტიან დანიელსონთან რიგით მეორე შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ დისკუსიები პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგაც გაგრძელდება, რადგან გარკვეული საკითხები დასაზუსტებელია. ღარიბაშვილი ბრიუსელს 16 მარტს ეწვევა და შეხვედრებს ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ნატოში გამართავს. ასევე, გაიმართება ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომა, სადაც ღარიბაშვილი წარსდგება.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან თქვა, პროცესმა წინ წაიწია. მისივე შეფასებით, დანიელსონთან შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო და მასზე, "განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც დიალოგსა და შესაძლო შეთანხმებას უკავშირდება". 

"წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებით, თუმცა გაგრძელდება დისკუსიები პრემიერის ვიზიტის შემდეგაც. საჭიროებს გარკვეული საკითხები დამატებით შეთანხმებას, დამატებით დაზუსტებას და ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს. გამომდინარე იქიდან, რომ მოლაპარაკებები არის გასაგრძელებელი, ახლაც მოვერიდებით დეტალების გამჟღავნებას. ამ პირობას პერმანენტულად არღვევენ ოპოზიციის წარმომადგენლები და საუბრობენ დეტალებზე, რაც არის ჩვენს პარტნიორებთან დადებული პირობის უხეში დარღვევა. მათ დაასახელეს რამდენიმე საკითხი, მათ შორის ე.წ. წითელი ხაზები. ამაზე ჰქონდათ საუბარი, როგორც დღეს, ასევე გუშინ. ჩვენ ასეთი პირობა არ დაგვირღვევია.

დანიელსონის ვიზიტმა აჩვენა, რომ ეს ვიზიტი არის ძალიან პროდუქტიული და კარგად მიჰყავს მას დიალოგის პროცესი. ჩვენი სურვილია დიალოგი ასეთ რეჟიმში გაგრძელდეს. ჩვენ დაველოდებით შემდეგ მისიას. მოლაპარაკებები გაგრძელდება ვიზიტის შემდეგ", - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

გარდა ამისა, მმართველი გუნდის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში "მსხვილი პაკეტით" ჩადის. 

"ჩვენ გვაქვს ჩვენი დღისწესრიგი ევროკავშირთან ინტეგრქაციის მიმართულებით. უამრავი რამ გაკეთდა გასული წლების განმავლობაში და უამრავი რამ კეთდება ახლაც. ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების. ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში, ცარიელი ხელებით არის დარჩენილი მხოლოდ ოპოზიცია. მათ აქვთ ცარიელი ხელები, დარჩენილი არიან ქუჩაში, არიან გაკოტრებული. ჩვენ გვაქვს სავსე ხელები და სავსე ხელებით ჩავდივართ ბრიუსელში", - თქვა კობახიძემ. 

რაც შეეხება შეხვედრას, კობახიძის თქმით, შეხვედრა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის, დანიელსონის მედიაციით, დღეს აღარ გაიმართება და დიალოგი "მომდევნო პერიოდში" გაგრძელდება. 

"მოლაპარაკებები გაგრძელდება ვიზიტის შემდეგ. დღეს შეხვედრები აღარ იქნება, დასრულებულია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დანიელსონი დღეს დილიდან ჯერ ქართულ ოცნებას შეხვდა, შემდეგ - ოპოზიციას. დღის ბოლოს გაერთიანებული სხდომა უნდა გამართულიყო.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებში შუამავლობის ხელშესაწყობად ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა.

დანიელსონი თბილისში 12 მარტს, გამთენიისას ჩამოფრინდა. იმავე დღეს შეხვდა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს.

მიშელმა საქართველოში გამართული ვიზიტისას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მისი შუამავლობით შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს 16 მარტს დაგეგმილი ვიზიტის დროს ევროპარლამენტში კონკრეტული შედეგებით ელიან. 

მიშელმა საკითხების ჩარჩოც წარმოადგინა, რომელიც იმ საკვანძო თემებს მოიცავს, რომლის გარშემოც შემდგომი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. 

დოკუმენტში სხვა რეფორმებთან ერთად ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაცაა შეტანილი. 


close დახურვა