ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, მათი პარტიის ოფისსა და ნიკა მელიას ბანერს იარაღიდან ესროლეს.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შენობას მანქანიდან ესროლეს.
მომხდარის შესახებ თვითმხილველი ფორმულასთან ყვება:
"გარეთ ვიყავი და სროლის ხმა გავიგე შორიდან, არ მივაქციე ყურადღება, სანამ კედლიდან არ გავიგე ხმა, რომ ხვდებოდა... სულ დაცალა, რაც ჰქონდა, ბოლომდე დაცალა იარაღი. მანქანა თეთრი ფერის ქამრი იყო", - ამობს ის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მათი თქმით, ფაქტთან დაკავშირებით მათთვის არ მიუმართავთ, გამოძიება მედიაში გასული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყეს. უწყების ცნობით, ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიება.