logo
ENG



ნათელაშვილი: ვტოვებ ფორმატს, სადაც I საკითხად არ დგას არჩევნების თარიღი და პოლიტპატიმრები

17 მარ 202117:32
3 წუთის საკითხავი
 
ფორმულა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა კრისტიან დენიელსონთან ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრა დატოვა. 

ნათელაშვილმა მიზეზად დაასახელა ის, რომ "მოლაპარაკების მაგიდასთან პირველ საკითხად არჩევნების თარიღი და პოლიტიპატიმრების გათავისუფლების საკითხი არ განიხილება". 

"ლეიბორისტული პარტია ტოვებს მოლაპარაკების იმ ფორმატს, სადა პირველ საკითხად არ იხილება რიგგარეშე არჩევნების თარიღი და სადაც არ წყდება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, სადაც უკანონოდ დაპატიმრებული ნიკა მელია არ ზის ჩვენ გვერდით". - თქვა მან.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ამბობს, რომ მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდება მაშინ, როცა ეს ორი საკითხი გარკვეული და გადაწყვეტილი იქნება. 

"სახლის აშენებას იწყებენ საძირკვლით და არა სახურავით. როგორც კი დავიწყებთ საარჩევნო რეფორმის, სასამართლოს და სხვა პრობლემების განხილვას, პარლამენტში შესვლის მოთხოვნას წინასწარ, ეს ნიშნავს, რომ პროცესი იშლება, რუსი ოლიგარქი რჩება ქვეყნის ბატონ-პატრონად, ქვეყნის დამარბევლად, შესაბამისად, ოპოზიციამ ვერ შეასრულა თავისი მისია ქართველი ხალხის, დღევანდელობის და მომავლის წინაშე". - თქვა ნათელაშვილმა. 

შეხვედრის დატოვების შემდეგ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე განიხილებოდა "საარჩევნო და სასამართლოს რეფორმის პრობლემატიკა, რომელიც უნდა იყოს ახალი არევნების თარიღის შემდგომი საკითხი. ეს არის დოკუმენტირებული შემოთავაზება. რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრებზე მეოთხე-მეხუთე პუნქტებშია საუბარი". 

ოპოზიცია და ხელისუფლება გაერთიანებულ ფორმატში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს ამ წუთებშიც ხვდება. 

დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და არაერთხელ შეხვდა როგორც ოცნებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს. რამდენჯერმე გაიმართა გაერთიანებული შეხვედრაც. 

დანიელსონამდე კი საქართველოში თავად შარლ მიშელი იმყოფებოდა. მან 6-პუნქტიანი დოკუმენტი წარადგინა, რომელიც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა განეხილათ. მათ შორის იყო რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხი. 


close დახურვა