logo
ENG



სასოლის ინიციატივით, კრიზისის გადაჭრისთვის ევროპარლამენტში სპეციალური ჯგუფი შეიქმნება

17 მარ 202120:34
3 წუთის საკითხავი
clock 3594
2021/03/17/5igvql8urhvxbzy.jpg

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დევიდ სასოლიმ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილთან, ხოლო შემდგომ ევროკავშირის ელჩ, კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებს არაფორმალური საკონტაქტო ჯგუფის შექმნა შესთავაზა. 

ფორმულას ინფორმაციით, სასოლის ინიციატივით შექმნილ ჯგუფში ევროპარლამენტარები პეტრას აუსტრევიჩუსი, ანდრიუს კუბილიუსი, მარინა კალიურანდი, სვენ მიქსერი და მაიკლ გალერი იქნებიან. სწორედ მათთან შეხვედრის დროს წამოაყენა სპეციალური ჯგუფის შექმნის ინიციატივა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა. 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი ფორმულასთან აცხადებს, რომ პრეზიდენტ სასოლის ინიციატივა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრას უკავშირდება, ისევე როგორც, ევროპარლამენტის მხარდაჭერას შარლ მიშელის ხელშეწყობით დაწყებული მედიაციის მიმართ. 

"ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ბატონმა სასოლიმ მოგვიწვია ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ერთად. გავცვალეთ მოსაზრებები, თუ როგორ ვითარდება მოვლენები. ძალიან გვინდა, რომ შარლ მიშელის მისია, რომლის მიზანიც კრიზისის გადაჭრაა, წარმატებული იყოს", - ამბობს კუბილიუსი, - "მიშელის მცდელობის მხარდაჭერის მიზნით, პრეზიდენტმა სასოლიმ შემოგვთავაზა, შევქმნათ არაფორმალური საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და სხვადასხვა დელეგაციის წარმომადგენლების მონაწილეობით, იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ამ კრიზისის გადაჭრას". 

პარალელურად, თბილისში დასრულდა შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრა, რომლის შემდგომაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პოზიციების დაახლოების მიმართულებით, შეხვედრა რთულ და მძიმე ვითარებაში წარიმართა. 

მათი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ხვალ გაგრძელდება. 


close დახურვა