თბილისის მერიის, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და მიმწოდებელ კომპანია ბლექს სი გრუპისთვის მაჭავარიანის ქუჩასთან მეწყრულ პროცესებზე ჯერ კიდევ 2020 წლის სექტემბერში იყო ცნობილი. ამაზე საუბარია მუხრან მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაციაში.
ხელშეკრულებაში, რომელიც 2019 წლის 10 ივლისს დაიდო და რომლის ღირებულებაც 15 მილიონი ლარია, შეთანხმების სახით რამდენჯერმე შეიტანეს ცვლილება, მათ შორის 2020 წლის 3 ნოემბერს.
შეთანხმებაში ვკითხულობთ, რომ 2020 წლის 13 სექტემბერს გზის სამშენებლო დერეფნის ზედა ნაწილში ადგილი ჰქონდა ბლოკური ტიპის მასშტაბური მეწყრული სხეულის ჩასახვა-გააქტიურებას.
დოკუმენტით ვიგებთ, რომ იმ დროისთვის მეწყრული სხეულის ფართობი 1,3ჰა იყო, ხოლო გადაადგილების მიხედვით, მეწყერს ბლოკურ ცოცვითი ხასიათი ჰქონდა. იქვე აღნიშნულია, რომ მომხდარზე მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა გარემოს ეროვნულ სააგენტოს აცნობა, სააგენტომ კი აუცილებლად მიიჩნია საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ჩატარება, რომლის საფუძველზე საჭიროდ ჩათვალა შემუშავებულიყო დამცავი ღონისძიებები და გამაგრების ოპტიმალური კონსტრუქციული გადაწყვეტილება.
ამის შემდეგ კომპანია ბლექ სი გრუპმა თბილისის მერიას მიმართა ვადის გახანგრძლივებაზე 21 დღით.
"მიმდინარე წლის 5 ოქტომბრის წერილით, შპს კომპანია ბლექ სი გრუპმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, ვადის გაგრელების აუცილებლობაზე, რის მიზეზსაც წარმოადგენს საპროექტო გზის მონაკვეთის ფერდობზე განვითარებული მეწყრის და მომდევნო დღეებში "დიდი მეწყრული სხეულის" ჩასახვა-გააქტიურების შედეგად სამშენებლო სამუშაოების შეჩერება", - წერია დოკუმენტში.
თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების დაწყებაზე ცნობილი გახდა დღეს, 18 მარტს. ფერდობზე ნაპრალების ამსახველი ფოტო ინტერნეტით, Forum.ge-ზე გავრცელდა. ამის მიუხედავად, ადგილზე მძიმე ტექნიკის გამოყენებით გზის დაგების სამუშაოები ისევ გრძელდება.
- რა ხდება ფერდობის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულად იხილეთ აქ.
მეწყრულ პროცესებს თბილისის მერი, კახა კალაძეც გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და გზის მიმდინარე სამუშაოებთან კავშირში არაა.
ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ ამ საკითხის შესასწავლად მერიამ გერმანელი სპეციალისტები მოიწვია.
გეომორფოლოგი ლაშა სუხიშვილი, რომელიც ადგილზე გაეცნო ვითარებას, ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ მიმდინარე სამშენებლო პროცესების გამო ფერდობს საყრდენი გამოეცალა და, სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია მეწყერი.
სეისმოლოგ თეა გოდოლაძის შეფასებით, მეწყრის ტანის სიღრმე დაახლოებით, 10 მეტრია, ხოლო დინამიკაში მოსულია ნახევარი მილიონი კუბი მასალა.