logo
ENG



კალაძე მერიის თანამშრომლებზე: ვიხილეთ პეტიციები, არ დარჩება პასუხგაუცემელი

04 დეკ 202412:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/04/9zqjlcumgyxgcmn.jpg

თბილისი მერი კახა კალაძე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ირწმუნება, რომ გასულ დღეებში სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის მცდელობა საბოტაჟის გზით მიმდინარეობდა. ის ამტკიცებს, რომ აღნიშნული ქმედებები სახელმწიფო გადატრიალების გეგმის შემადგენელი ნაწილია.

კალაძე, ასევე, იმუქრება, რომ მერიის 229 თანამშრომელი პეტიციას ხელს აწერდა და მისივე მტკიცებით, ეს ქმედება "პასუხგაუცემელი არ დარჩება". 

"ამ დღეებში ადგილი ჰქონდა სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის მცდელობას საჯარო უწყებების საბოტაჟის გზით, რაც სახელმწიფოს გადატრიალების გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

ჩვენ ვიხილეთ ერთი ხელით დაწერილი პეტიციები, რომლებიც გავრცელდა. მერიის 229 თანამშრომელი აწერდა ხელს. მუნიციპალიტეტში გვყავს 32 ათასამდე თანამშრომელი.

მინდა, ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც ღირსებით, პროფესიონალურად, პატიოსნებით ემსახურება ჩვენს ქვეყანას, ემსახურება ამ ქალაქს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს.

რა თქმა უნდა, საბოტაჟის ეს მცდელობა, მერწმუნეთ, არ დარჩება პასუხგაუცემელი. რა თქმა უნდა, კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. ეს ასე იქნება, მერწმუნეთ",  - იმუქრება კალაძე.

***

თბილისის მერიის თანამშრომლებმა ხელმოწერით გააპროტესტეს ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადება, რომლის მიხედვითაც, 2028 წლის ბოლომდე ქართული ოცნება ევროკავშირთან მოლაპარაკებებს არ გახსნის.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ა(ა)იპ "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების" დირექტორ ნინია მაჭარაშვილს თანამდებობის დატოვება მოსთხოვა.

ნინია მაჭარაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნის მიზეზი 30 ნოემბერს, ორგანიზაციის Facebook-ზე გამოქვეყნებული განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც, გაერთიანების 246 თანამშრომელი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ემიჯნება და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკი ძალის გამოყენებას გმობს.

"ნინიას მოსთხოვეს თბილისის ბიბლიოთეკების დირექტორის თანამდებობიდან წასვლა. მიზეზად დაუსახელეს, რომ მერიისა და მისი პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ასევე კახა კალაძის პირადი დამოკიდებულება მის მიმართ.

შესთავაზეს, რომ თუკი თავად დაწერს განცხადებას, პრობლემებს არ შეუქმნიან თანამშრომლებს და არ მოითხოვენ იმ ადამიამებს სიას, ვინც ხელი მოაწერა მათ საწინააღმდეგო განცხადებას, რაზეც ნინიამ თავიდანვე უთხრა სასტიკი უარი", - წერს ის Facebook-ზე. 


close დახურვა