logo
ENG



შეთანხმებას ვერ მიაღწიეს - დანიელსონი ბრიუსელში ბრუნდება და მიშელს ანგარიშს ჩააბარებს

19 მარ 202100:47
3 წუთის საკითხავი
clock 2034

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის 9-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. 

როგორც შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა აღნიშნა, გარკვეულ საკითხებზე პროგრესი არსებობს, თუმცა არის საკითხები, რომლებზეც კონსენსუსი მიღწეული არ არის. 

"მე ვიყავი ჩართული ძალიან რთულ მოლაპარაკებებში მთელი ეს კვირა, როგორც პრეზიდენტ მიშელის პერსონალური წარმომადგენელი. ევროკავშირმა და ამერიკამ ძალიან გულმოდგინედ იმუშავეს იმისთვის, რომ დახმარებოდნენ პარტიებს, რათა მიეღწიათ შეთანხმებისთვის და დაესრულებინათ არსებული პოლიტიკური კრიზისი საქართველოში. პოლიტიკური კრიზისის დასრულება ნიშნავდა საქართველოს ლიდერებისთის, რომ მათ შესაძლებლობა ჰქონოდათ ფოკუსირება მოეხდინათ კორონავირუსის პანდემიაზე და მის სოციალურ და ეკონომიკურ შედეგზე, წინ წასულიყვნენ ევროკავშირის დღის წესრიგით და დაეცვათ საქართველოს უსაფრთხოების ინტერესები რეგიონში. ეს არის რეალური გამოწვევები, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას.

ზოგიერთ საკითხზე მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა მოხდა პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებულ 6-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით. ეს მისასალმებელია და მნიშვნლეოვანია იმისთვის, რომ მოხდეს კრიზისთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. რაც შეეხება სხვა საკითხებს, აქ ნაკლები პროგრესი და წინსვლა იყო", - ამბობს დანიელსონი

ამასთან, დანიელსონი ამბობს, რომ ის საქართველოს 19 მარტს დატოვებს, რის შემდეგადაც საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ანგარიშს ჩააბარებს. მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეები კონსენსუსს მიაღწევენ. 

"ხვალ ვბრუნდები ბრიუსელში და ამ ყველაფრის შესახებ მოვახსენებ შარლ მიშელს. ლიდერებზეა დამოკიდებული და მათზეა პასუხისმგებლობა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მოიძებნოს. ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის და მისი ევროპული მისწრაფებებისთვის. იმედი მაქვს, რომ ახლა პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან ამ სიტუაციაზე და იმ გზაზე რომელიც გასავლელია, და ექნებათ ნება იმისა, რომ წავიდნენ კომპრომისებზე, რათა წარმატებით განხორციელდეს მედიაციის პროცესი და ეს პროცესი იყოს უფრო ნათელი. მჯერა, რომ ამას იმსახურებს ქართველი ხალხი", - თქვა ევროპელმა დიპლომატმა. 

დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და არაერთხელ შეხვდა როგორც ოცნებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს. 

დანიელსონამდე კი საქართველოში თავად შარლ მიშელი იმყოფებოდა. მან 6-პუნქტიანი დოკუმენტი წარადგინა, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას უნდა განეხილათ. მათ შორის იყო რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხი. 


close დახურვა