ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ფერდობზე ახალი მეწყრული ბზარები გაჩნდა - ინფორმაციას გეოლოგი თეა გოდოლაძე ავრცელებს.
გეოლოგი ამბობს, რომ საუბარია ერთიანი მთის სისტემაზე და თუკი მეწყერსაშიში პროცესები დაიწყება, საფრთხის ქვეშ იქნებიან მიმდებარედ მცხოვრები ადამიანები. ეს ტერიტორია იმ მთის ფერდობიდან, სადაც მეწყრული პროცესებია დაწყებული, რამდენიმე ათეული მეტრითაა დაშორებული, თუმცა უფრო ახლოსაა დასახლებულ პუნქტთან.
„ეს არის ერთიანი სტრუქტურა. იქ აგრესიული ჩარევა მოხდა, მაგრამ აქაც დაუშვებელია ასეთი დატვირთვები, ეს მშენებლობები, რაცაა. ზედაპირი დანაპრალიანებულია და ასეთი განაშენიანება არის დანაშაული. აქ არის სერიოზული კვლევები ჩასატარებელი, ვიზუალური დაკვირვება ამ საქმეს აღარ შველის. მთლიანად ფერდია დეფორმირებული", - ამბობს თეა გოდოლაძე.
თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების დაწყებაზე ცნობილი 18 მარტს გახდა. თუმცა, ფორმულას ინფორმაციით, თბილისის მერია მეწყრული პროცესების შესახებ სექტემბერშივე იყო ინფორმირებული. ხოლო ნაპრალების გაჩენის შესახებ თბილისის მერს 1 მარტს ჰქონდა ინფორმაცია.
ფერდობზე ნაპრალების ამსახველი ფოტო ინტერნეტით, Forum.ge-ზე გავრცელდა. ამის მიუხედავად, ადგილზე მძიმე ტექნიკის გამოყენებით გზის დაგების სამუშაოები ისევ გრძელდება.
- რა ხდება ფერდობის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულად იხილეთ აქ.
მეწყრულ პროცესებს თბილისის მერი, კახა კალაძეც გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და გზის მიმდინარე სამუშაოებთან კავშირში არაა.
ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ ამ საკითხის შესასწავლად მერიამ გერმანელი სპეციალისტები მოიწვია.
გეომორფოლოგი ლაშა სუხიშვილი, რომელიც ადგილზე გაეცნო ვითარებას, ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ მიმდინარე სამშენებლო პროცესების გამო ფერდობს საყრდენი გამოეცალა და, სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია მეწყერი.
სეისმოლოგ თეა გოდოლაძის შეფასებით, მეწყრის ტანის სიღრმე დაახლოებით, 10 მეტრია, ხოლო დინამიკაში მოსულია ნახევარი მილიონი კუბი მასალა.