logo
ENG



არქიმანდრიტი ათინოგენი მეუფე სტეფანეზე: ასე მითხრა - მტყუანსო?

24 მარ 202118:56
3 წუთის საკითხავი
 
არქიმანდრიტი ათინოგენი მეუფე სტეფანეზე: ასე მითხრა - მტყუანსო?
ფორმულა

არქიმანდრიტი ათინოგენი (მდივანი) ამბობს, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში, ბალდის მონასტერში მიტროპოლიტ სტეფანესთან სიტყვიერი დაპირისპირება მის მიერ ნათქვამ ცრუ ბრალდებას მოჰყვა. 

კერძოდ, არქიმანდრიტის თქმით, ეპისკოპოსმა ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს, პეტრე ცაავას ბრალად დასდო, რომ მას ჰყავს შვილი გერმანიაში. 

"ეპისკოპოსი როცა სიტყვას ამბობს, მისი სიტყვა უნდა დარჩეს ისე, როგორც არის. მე მოვთხოვე მას [მიტროპოლიტ სტეფანეს], რომ დაამტკიცოს, რაც თქვა. ასე მითხრა: მტყუანსო?" - თქვა არქიმანდრიტმა. 

მისივე თქმით, ბალდის ტაძარში ეპისკოპოსი თავისი ინიციატივით მივიდა პირველშეწირულის ლიტურგიის ჩასატარებლად. 

სხვა სასულიერო პირებმა კი უარი თქვეს თანამსახურებაზე, ვინაიდან მასთან პრობლემბზე საუბარი ჰქონდათ. 

​"ჩვენ არ მივიღეთ წირვაში მონაწილეობა და თანამსახურებაზე უარი ვთქვით. გვინდოდა, რომ მისთვის კითხვები დაგვესვა, მიგვეტანა მასთან ის გულისტკივილი, რაც გვაქვს. 

და ეს გულისტკივილი ეხებოდა იმას, რომ მან პარტიული ნიშნით განასხვავა მრევლი და თქვა, რატომ იყავით ნაციონალური მოძრაობის პარტიული ნიშნით მოსულიო. 

ძალიან ცუდად აზროვნებს ეს ადამიანი და ვფიქრობ, ასე არ უნდა იყოს. არ უნდა იყოს მრევლის პარტიული ნიშნით დაყოფა. მან ეს მეორედაც გაიმეორა. 

ისე შევიდა მეუფე ტაძარში, არც გვინახავს. შეიპარა". - თქვა არქიმანდრიტმა ათინოგენმა.  

მას შემდეგ, რაც პეტრე ცაავა ჭყონდიდის მიტროპოლიტობიდან განაყენეს, საპატრიარქომ ეპარქიის მმართველად ჯერ გრიგოლ კაცია დანიშნა, შემდეგ კი - სტეფანე კალაიჯიშვილი. 

მრევლის ნაწილი მათ ეწინააღმდეგება და ეპისკოპოსი პეტრეს მიერ გაკეთებული განცხადებების ნამდვილობის და მისი სიმართლის დადასტურებას ითხოვს. 

პეტრე ცაავა საპარტრიარქოს გიორგი მამალაძის საქმის გამო დაუპირისპირდა. მოგვიანებით კი, 2019 წლის 31 ოქტომბერს, მედიას მისი განყენების შესახებ წინასწარ აცნობა და მიზეზად მისი მხრიდან სინოდის სხდომაზე „საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება“ დაასახელა. 

2021 წლის მარტის დასაწყისში მიტროპოლიტმა სტეფანემ  პეტრე ცაავასთან დაახლოებულ 2 დიაკონს, კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება შეურჩერა. 

8 მარტს, მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში მედიის წარმომადგენლები მეორე სართულიდან, აივნიდან გადმოცვივდნენ და დაშავდნენ. ისინი იდგნენ იმ ოთახის კარებთან, სადაც სასულიერო პირები მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. 

ჟურნალისტები სწორედ ეპარქიის შიგნით დაპირისპირებას აშუქებდნენ. აივნიდან გადავარდნის შემდეგ რამდენიმე მათგანმა ფიზიკური დაზიანება მიიღო. 

მომხდარის შემდეგ მიტროპოლიტი სტეფანე დაშავებულების მდგომარეობით არ დაინტერესებულა. მედიის კითხვების პასუხად კი მან გალობა დაიწყო.


close დახურვა