logo
ENG



მოქალაქეებმა და ოცნებამ ცვლილებები შეიმუშავეს, რომელსაც დეპუტატების ხმები არ ჰყოფნის

25 მარ 202115:09
3 წუთის საკითხავი
 
მოქალაქეებმა და ოცნებამ ცვლილებები შეიმუშავეს, რომელსაც დეპუტატების ხმები არ ჰყოფნის

მოქალაქეებსა და ქართულ ოცნებას შორის 2 მარტს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ საარჩევნო რეფორმის განხორციელებას ითვალისწინებდა, საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი მომზადდა, რომელსაც 96 დეპუტატით დაკომპლექტებულ პარლამენტში 113 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. 

საკონსტიტუციო ცვლილებები საარჩევნო ბარიერის 5-დან 3%-მდე დაწევას ითვალისწინებს, რაც შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს მანდატების მოპოვების შესაძლებლობას მისცემს - 2020 წლის არჩევნების შედეგებით, 3%-იანი ბარიერის პირობებში, საპარლამენტო მანდატებს 9-ის ნაცვლად, 6 პარტია დაიკავებდა. 

ცვლილებები ასევე გულისხმობს საპარლამენტო ფრაქციის ფორმირებისთვის საჭირო დეპუტატთა რაოდენობის 9-დან 4-მდე დაწევას. 

"უახლოეს დღეებში შეიქმნება საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია, რომლის ფარგლებშიც, მემორანდუმის შესაბამისად, განიხილება როგორც 2024 წლის არჩევნების უფრო დაბალი ბარიერით ჩატარების, ისე დაბალი ბარიერის უფრო ხანგრძლივი ვადით ამოქმედების შესაძლებლობაც". - ამბობს უმრავლესობის დეპუტატი გიორგი პაპუაშვილი.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შესვლის გარეშე შეუძლებელი იქნება. იმისათვის, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო კვორუმი შედგეს, დეპუტატის მანდატი კიდევ 17-მა არჩეულმა ოპოზიციონერმა უნდა დაიკავოს. 

"ამ დღეებში ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ამ შენობის კედლებს შიგნით თანამშრომლობა არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენგან ქართველი ხალხი, ჩვენი ევროპული ოჯახი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მოელიან". - ამბობს პაპუაშვილი.

თუმცა ქრისტიან ანდერსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულება საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ხელს არ აძლევს. ოპოზიციის წარმომადგენლები კვლავ აცხადებენ, რომ მათთვის შეთანხმების პროცესში საკვანძო საკითხი პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იქნება, რაზეც მმართველი პარტიის წარმომადგენლები კომპრომისს კვლავ გამორიცხავენ. 

საარჩევნო ცვლილებების ბედიც, დიდი ალბათობით, ანდერსონის განმეორებით ვიზიტზე იქნება დამოკიდებული - შეთანხმების შემთხვევაში, ოპოზიცია მზად არის ე.წ ტექნიკურ, გარდამავალ პარლამენტში შევიდეს და ვადამდელ არჩევნებამდე ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს საპარლამენტო საქმიანობა. 

 

 


close დახურვა