logo

იურიდიულმა კომიტეტმა საარჩევნო ცვლილებებს მხარი დაუჭირა, კანონპროექტის განხილვა გრძელდება

22 მაი 202123:57
3 წუთის საკითხავი
clock 201
იურიდიულმა კომიტეტმა საარჩევნო ცვლილებებს მხარი დაუჭირა, კანონპროექტის განხილვა გრძელდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა, "ამბიციური საარჩევნო რეფორმა" შარლ მიშელის მედიაციით ოპოზიციურ პარტიებსა და სახელისუფლებო გუნდს შორის მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი მთავარ პუნქტად განიხილება. 

ცვლილებების საკომიტეტო მოსმენა დაახლოებით 7 საათით გაგრძელდა - მას მხარი მხოლოდ ფრაქცია ლელო - პარტნიორობა საქართველოს წარმომადგენლებმა ანა ნაცვლიშვილმა და შალვა შავგულიძემ არ დაუჭირეს. კანონპროექტი შესაფასებლად ვენეციის კომისიაში უკვე გადაგზავნილია. 

ცვლილებები პლენარულ სხდომაზე მომავალი კვირიდან გავა - კანონპროექტი საარჩევნო ადმინისტრაციის არჩევის, ხმის მიცემის წესის, არჩევნების დღეს ამომრჩეველთა რეგისტრაციის, საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა პარტიული განაწილების და ხმების დათვლის პროცესში შესატან ცვლილებებს ითვალისწინებს.  

პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას სჯერა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობა ხელისუფლებას არჩევნების შედეგებზე მანიპულაციისთვის სივრცეს მნიშვნელოვნად უზღუდავს და მის მაქსიმალურ სანდოობას უზრუნველყოფს. 

ცვლილებებს მხარს არ უჭერენ კვლავ საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები, რომლებსაც შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერიათ - ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო. 

ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია კანონპროექტის შესახებ საკუთარ მოსაზრებას ვენეციის კომისიას გაუგზავნის. 

რას ითვალისწინებს იურიდიუ საკითხთა კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი საარჩევნო ცვლილებები - იხილეთ ვრცლად. 

close დახურვა