logo
ENG



ჯაფარიძე: მთავარია, რა პოზიციებით ჩამოდის ბატონი დანიელსონი

28 მარ 202111:37
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე: მთავარია, რა პოზიციებით ჩამოდის ბატონი დანიელსონი
ვახო ქარელი/ფორმულა

"გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მთავარია, რა წინადადებებით ჩამოვიდა კრისტიან დანიელსონი

ჯაფარიძის შეფასებით, მხოლოდ ეს იქნება განმასხვავებელი ამ და მოლაპარაკების წინა რაუნდებს შორის. 

"ქართული ოცნების წარმომადგენლების პოზიციებში არაფერი ახალი არ არის, სამწუხაროდ. თუმცა, მე ამას დიდ ყურადღებას არ დავუთმობდი. ჩვენ არაერთხელ გვინახავს, როცა ისინი საჯაროდ ერთს აცხადებენ და რეალურად სხვა რაღაცებს აკეთებენ. დაველოდებით მოლაპარაკების რაუნდს და ვნახავთ, იქ რა იქნება.

ჩემი აზრით, მთავარია, რითი ჩამოდის ბატონი დანიელსონი, რა პოზიციები ექნება მას. ეს იქნება გადამწყვეტი და მხოლოდ და მხოლოდ ეს შეიძლება იყოს განმასხვავებელი ამ და წინა მოლაპარაკებებს შორის. ქართული ოცნების წარმომადგენლები საჯაროდ რას ამბობენ, მაგას დიდი შინაარსი არასდროს ჰქონია". - ამბობს ჯაფარიძე. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი საქართველოში, დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა. მისი თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. დანიელსონი ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან მედიაციის მიზნით შეხვედრებს 29 მარტიდან განაახლებს. 

ევროპელი დიპლომატი საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიაციის მიზნით უკვე მეორედ ჩამოდის. მისი თავდაპირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონს საქართველოდან გაფრენა 14 მარტს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა პროცესში მიღწეული არასაკმარისი პროგრესის გამო ევროპელმა დიპლომატმა ვიზიტი რამდენიმე დღით გაახანგრძლივა. 

ევროპულ საბჭოში საქართველოში ჩატარებული მისიის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ "მიღწეული პროგრესის" მიუხედავად, მისი წარმომადგენელი საქართველოში კვლავ დაბრუნდებოდა. 

ამ ეტაპზე ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების შესახებ აცხადებენ, რომ მათი მხრიდან კომპრომისი ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი - მათი თქმით, მმართველი პარტია ამ ორი საკვანძო საკითხის მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს ამ დრომდე არ დგამს. 

  • რა პოზიციებით შედიან პარტიები განახლებულ მოლაპარაკებებში ნახეთ აქ

ხელისუფლების წარმომადგენლები კი დანიელსონის ვიზიტის შემდგომაც აცხადებენ, რომ მათი მხრიდან ვადამდელი არჩევნების საკითხზე კომპრომისს არ უნდა ველოდოთ. 


close დახურვა