
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) წარმომადგენელი გვანცა წულუკიძე ევროპელ დიპლომატთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ მნიშვნელოვანი იქნება, საზოგადოებრივი ნდობის დაბრუნების თვალსაზრისით რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს.
როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, ამ არჩევნებს აუცილებლად უნდა უძღოდეს წინ საარჩევნო რეფორმა.
წულუკიძის განცხადებით, შეხვედრაზე საარჩევნო რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბარეს და ხაზი გაუსვეს, რომ ეს "აუცილებლად უნდა იყოს კომპლექსური და მრავალმხრივი რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მომდევნო არჩევნებში არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარებას".
"მიმაჩნია, რომ იმ პოლიტიკურ კრიზისში, რომელშიც შევედით და იმ ვითარებაში, როცა საზოგადოებას ამ ბოლო არჩევნების მიმართ ნდობა არ გააჩნია, მნიშვნელოვანი იქნება, საზოგადოებრივი ნდობის დაბრუნების თვალსაზრისით ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, ანუ მორიგი არჩევნები. თუმცა, ხაზს ვუსვამ, ამ არჩევნებს წინ აუცილებლად უნდა უძღოდეს საარჩევნო რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მომდევნო არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარებას", - თქვა მან.
მისივე განცხადებით, შეხვედრაზე ძირითადი აქცენტები სასამართლო სისტემაში განსახორციელებელ რეფორმებზე გააკეთა.
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს მედიაციის პროცესთან დაკავშირებით მიმართავენ და სთავაზობენ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ხედვას, რომელიც შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ 6-პუნქტიან დოკუმენტს ეყრდნობა.
- რა გზებს სთავაზობენ NGO-ები ხელისუფლებასა და ოპოზიციას, ნახეთ აქ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი საქართველოში, კრისტიან დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა. დანიელსონი ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან მედიაციის მიზნით შეხვედრებს 29 მარტიდან განაახლებს.
ევროპელი დიპლომატი საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიაციის მიზნით უკვე მეორედ ჩამოდის. მისი თავდაპირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონს საქართველოდან გაფრენა 14 მარტს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა პროცესში მიღწეული არასაკმარისი პროგრესის გამო ევროპელმა დიპლომატმა ვიზიტი რამდენიმე დღით გაახანგრძლივა.
ევროპულ საბჭოში საქართველოში ჩატარებული მისიის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ "მიღწეული პროგრესის" მიუხედავად, მისი წარმომადგენელი საქართველოში კვლავ დაბრუნდებოდა.
ამ ეტაპზე ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების შესახებ აცხადებენ, რომ მათი მხრიდან კომპრომისი ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი - მათი თქმით, მმართველი პარტია ამ ორი საკვანძო საკითხის მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს ამ დრომდე არ დგამს.
- რა პოზიციებით შედიან პარტიები განახლებულ მოლაპარაკებებში, ნახეთ აქ.
ხელისუფლების წარმომადგენლები კი დანიელსონის ვიზიტის შემდგომაც აცხადებენ, რომ მათი მხრიდან ვადამდელი არჩევნების საკითხზე კომპრომისს არ უნდა ველოდოთ.