სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იმედს გამოთქვამს, რომ ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა ობიექტური იქნება, "რაც არ უნდა მწარე იყოს ის რეალობა, რაც შეიძლება ამ დასკვნამ დაგვანახოს".
ლომჯარია ამბობს, რომ აუცილებელია, დადგინდეს, რა ხარვეზები აქვს სისტემას იმისთვის, რომ ის გაუმჯობესდეს.
"მაქვს ინფორმაცია, რომ ტარდება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზების თაობაზე, ასევე, რეგულირების სააგენტო სწავლობს, რამდენად იყო აღმოჩენილი დროული და გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარება. ალბათ, ამ ყველაფრის შესახებ დასკვნის წარმოდგენის შემდეგ გვექნება ინფორმაცია, რეალურად, რა მოხდა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს დროული, უტყუარი და ობიექტური დასკვნები წარმოდგენილი, ეს გადაარჩენს ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლეს მომავალში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა მოხდა რეალურად, თუ ხარვეზები იყო პირველადი დახმარების გაწევის პროცესში, ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ შემდგომში სამედიცინო პერსონალი იყოს მზად მსგავსი შემთხვევებისთვის და დავაზღვიოთ მსგავსი რისკები. დიდი იმედი მაქვს, რომ დასკვნა იქნება ობიექტური, რაც არ უნდა მწარე იყოს ის რეალობა, რაც შეიძლება ამ დასკვნამ დაგვანახოს. აუცილებელია, რომ ვნახოთ, რა ხარვეზები აქვს სისტემას იმისთვის, რომ ის გავაუმჯობესოთ", - თქვა ლომჯარიამ.
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განმარტებით, გარდაცვლილი ექთნის საქმესთან დაკავშირებით ამ დრომდე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის კვლევები, რომელიც არ დასრულებულა, შესაბამისად შემაჯამებელი დოკუმენტი დასკვნის სახით ჯერ მზად არ არის.
27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ასტრაზენეკას ვაქცინა გაიკეთა. შეუძლოდ მყოფი ექთანი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 18 მარტს გადმოიყვანა, სადაც ის მეორე დღეს გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, სავარაუდოდ, მიზეზი ანაფილაქსიური (ალერგიული) რეაქცია გახდა, რაც, ზოგადად ვაქცინების შემთხვევაში, საშუალოდ, მილიონიდან ერთ შემთხვევაში ფიქსირდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა განცხადებაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვაქცინაციის შემდგომ ანაფილაქსიური შოკი ვაქცინის უხარისხობაზე არ მიანიშნებს, ვინაიდან ანაფილაქსია ნებისმიერი ვაქცინის შესაძლო, თუმცა, იშვიათი გვერდითი მოვლენაა.
ახალციხის კლინიკაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილ ექთანს ყველა საჭირო პროცედურა თავის დროზე ჩაუტარდა.
ახალციხელი ექთნის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.