logo
ENG



პროკურატურა: მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება

31 მარ 202116:49
3 წუთის საკითხავი
clock 1026
2021/03/31/eqjq05jw2nhjybg.jpg

გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება. ამ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს პროკურატურამ გააუქმა დადგენილება, რომლის მიხედვითაც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს საქმის მასალების გაცნობა და ასლების გადაცემა შეეზღუდა.

"ზემდგომმა პროკურორმა გააუქმა დადგენილება, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს დამატებითი მასალების გაცნობა შეეზღუდა, მათი შესაძლო გასაჯაროების, მოწმეებზე ზემოქმედების, მათი დაშინების, ნივთმტკიცებების განადგურების, ყალბი მტკიცებულებების შექმნის და შესაბამისად, საგამოძიებო პროცესის ხელშეშლის გამოწვევის მიზნით. გარდაცვლილის ოჯახი გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე შეუფერხებლად გაეცნობა საქმის მასალებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება", - აცხადებენ პროკურატურაში.

ამ დროისთვის მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალების გარკვეულ ნაწილზე წვდომა შეზღუდული ჰქონდა.

27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა 18 მარტს გაუარესდა, მას შემდეგ, რაც ის ახალციხის იმედის კლინიკაში ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა. მას შოკი დაემართა და სუნთქვა უჭირდა. შეუძლოდ მყოფი ექთანი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა, სადაც ის მეორე დღეს გარდაიცვალა. 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, ახალციხიდან მის კლინიკაში გადმოყვანილი ექთანი მეგი ბაქრაძე გარდაცვლილი არ იყო, ხოლო სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ექთანი კლინიკაში უკვე გარდაცვლილი შეიყვანეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, რამ გამოიწვია მდგომარეობის დამძიმება, თუმცა ამბობს, რომ სავარაუდოდ, მიზეზი ანაფილაქსიური (ალერგიული) რეაქცია გახდა, რაც, ზოგადად ვაქცინების შემთხვევაში, საშუალოდ, მილიონიდან ერთ შემთხვევაში ფიქსირდება.

ახალციხელი ექთნის გარდაცვალების საქმეზე შსს-მა გამოძიება 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთიხლებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

 


close დახურვა