logo
ENG



კანდელაკი: ჩვენი ინფორმაციით, პოზნერსა და დელეგაციას შსს-ის მიერ ჰქონდა მინიჭებული საშვები

01 აპრ 202112:48
3 წუთის საკითხავი
clock 1012

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, პოზნერსა და დელეგაციას მინიჭებული ჰქონდა საშვები შსს-ის მიერ, ქვეყანაში მათი შემოშვების გადაწყვეტილება კი მიიღეს უმაღლეს დონეზე, მათ შორის, ინფორმირებული იყო შს მინისტრიც.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მთელ ამ დელეგაციას მინიჭებული ჰქონდა საშვები საქართველოს შსს-ის მიერ. ქვეყანაში მათი შემოშვების გადაწყვეტილება მიიღეს უმაღლეს დონეზე და ამ საკითხზე ინფორმირებული იყო შს მინისტრიც. მათ საშვები ჰქონდათ, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მაშინ, როცა კეთილსინდისიერი მოქალაქეები ჩარაზული არიან სახლში, ეს ხალხი მიაცილა სახლში საქეიფოდ პოლიციის ესკორტმა, რაც წინასწარ საშვების გარეშე და მაღალი დონის შეთანხმების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. რა დააშავა უამრავმა რესტორანმა, რომელიც ვერ იხსნება?!" - ამბობს კანდელაკი. 

მანვე აღნიშნა, რომ პოზნერის საქმიანობა უშუალოდ იყო დაკავშირებული საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტთან, მისი შემოშვება კი პოლიტიკურად არაფრით განსხვავდება გავრილოვის შემოშვებასთან.

"პოზნერი საბჭოთა კავშირის დროს ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის ინგლისურენოვან მაუწყებლობას საზღვარგარეთ, რაც უშუალოდ იყო დაკავშირებული საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტთან, იგი სხვადასხვა დროს იცავდა რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას სხვადასხვა ქვეყნების მიმართ. პოლიტიკურად არაფრით განსხვავდება ქვეყნის ტერიტორიაზე მისი შემოშვება გავრილოვის შემოშვებასთან. გავრილოვისგან განსხვავებით შესაძლოა, ის უბრალოდ საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობდა, მაგრამ პროპაგანდის ფონზე მნიშვნელოვანი მაკოორდინირებელი ფიგურა იყო", - თქვა მან. 

***

რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი აირზენას ჩარტერული რეისით, შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად თბილისში 31 მარტს ჩამოვიდა.

იგი, მის დელეგაციასთან ერთად სასტუმრო რუმსში მივიდა, შემდეგ კი კომენდანტის საათის დროს, 21 საათის შემდეგ, რეგულაციების დარღვევით, რესტორან ვინოტელში ავტობუსით გადავიდა. ისინი თბილისში პოზნერის დაბადების დღის აღნიშვნას აპირებდნენ.

ქართველი აქტივისტები ვლადიმირ პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ, როგორც რუმსთან, ისე ვინოტელთან, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. ისინი პოლიციას მოუწოდებდნენ, რომ აღეკვეთათ დანაშაული - კერძოდ, 50 კაცის მიერ კომენდანტის საათის დარღვევა და აკრძალვის მიუხედავად, ღამის საათებში რესტორანში ვახშმობა. 

ვინოტელთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ "ოკუპანტ ღორებს" არ მისცემენ მშვიდად დროსტარების საშუალებას. 

პარალელურად, შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია, აშშ-ს მოქალაქეა და არაერთხელ ყოფილა საქართველოში.

სამოქალაქო პროტესტის გამო პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა რესტორანი პოლიციის კორდონის გავლით დატოვეს და სასტუმრო რუმსში დაბრუნდნენ, სადაც აქციამაც გადაინაცვლა. 

აქტივისტებმა სასტუმრო რუმსის ფანჯრებს კვერცხები დაუშინეს და მოითხოვეს, რუსულ დელეგაციას დაუყოვნებლივ დაეტოვებინა საქართველო. 

პოზნერმა და მისმა მეგობრებმა სასტუმრო გამთენიისას, 6 საათზე დატოვეს და აირზენას ჩარტერული რეისით თბილისიდან უკვე რუსეთში გაბრუნდნენ.

სასტუმროს კარიდან ავტობუსის შესასვლელამდე ისინი პოლიციის კორდონითა და აქტივისტების შეძახილების ფონზე შევიდნენ. 

შრომის ინსპექციის ცნობით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი წესების დარღვევისთვის, ვინოტელი 10 000 ლარით დააჯარიმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვლადიმირ პოზნერი და 31 პირი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო 2000-2000 ლარით დააჯარიმეს, დანარჩენ 9 პირს კი იზოლაციისა და კარანტინის წესი არ დაურღვევია. უწყებას დაჯარიმებული პირების ვინაობა არ გაუსაჯაროვებია. 

ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი". 


close დახურვა