საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარები ერთიან განცხადებას აქვეყნებენ, რომელშიც იმედგაცრუებას გამოხატავენ საქართველოში დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლის გამო და საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერებასა და პირობითობის გაზრდას აანონსებენ. ისინი ამბობენ, რომ ორივე, მმართველი და მთავარი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში, პასუხისმგებელია ამ შედეგზე და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მოდის ხელისუფლებაში მყოფ პარტიაზე.
ევროპარლამენტის წევრები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის პროცესში და ამ საკითხზე ევროპარლამენტში სპეციალური მოსმენაც გამართეს, აცხადებენ, რომ შეთანხმების ჩაფლავების შემდეგ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები "ჩვეულ რეჟიმში ვერ გაგრძელდება".
კერძოდ, დეპუტატები საქართველოსთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარების ნაწილის შეჩერებას, ნაწილში კი დამატებითი პირობების ჩადებას აპირებენ.
ევროპარლამენტარები ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაში განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, მედიაციის მცდელობების წარუმატებლად დასრულებაში კი დეპუტატები ყველა მხარის პასუხისგმებლობაზე საუბრობენ.
ერთობლივ განცხადებაში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, თუ რამდენად საკვანძოა მართლმსაჯულების და საარჩევნო რეფორმების ინკლუზიურ გარემოში გატარება, ფართო პოლიტიკური მხარდაჭერით.
იხილეთ განცხადება სრულად:
"ღრმად იმედგაცრუებულნი ვართ საქართველოს პოლიტიკური ლიდერების უუნარობით, მიეღწიათ შეთანხმებისთვის, მიუხედავად ევროკავშირის მცდელობისა, დახმარება გაეწია მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში. ორივე, მმართველი და მთავარი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში, პასუხისმგებელია ამ შედეგზე და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მოდის ხელისუფლებაში მყოფ პარტიაზე.
ხაზს ვუსვამთ ძლიერ მხარდაჭერას კრისტიან დანიელსონის დაუღალავი შრომის მიმართ და მივესალმებით პოლიტიკური პარტიებისთვის განკუთვნილი შეთავაზების გამოქვეყნებას, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მედიაციის პროცესის გამჭვირვალობა. პოლიტიკურ აქტორებს შორის ნდობის აღდგენა არსებითია. ამ შეთავაზების შინაარსი სწორი გზაა საქართველოსთვის: ამბიციური საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმები, პარლამენტში პასუხისმგებლობების მნიშვნელოვანი გადანაწილება და, რაც ყველაზე მთავარია, გადაწყვეტა მომავალი არჩევნებისთვის და პოლიტიკური მართლმსაჯულების ორი საქმისთვის. ეს გადაწყვეტა პოლიტიკურად დაბალანსებულია და ითვალისწინებს ორივეს - კანონის უზენაესობას და 2020 წლის არჩევნების საერთაშორისო შეფასებას. ასევე მივესალმებით ჯან მონეს დიალოგის პროცესის იდეას ევროპარლამენტის მხარდაჭერით, როცა პოლიტიკური ვითარება ამას შესაძლებელს გახდის.
პოლიტიკური პარტიების მხრიდან კომპრომისზე უარის შემდეგ, ქართველი ლიდერები არ უნდა ელოდნენ ევროკავშირთან ურთიერთობის ძველებურად გაგრძელებას. კონკრეტულად, ევროპარლამენტი მოუწოდებს დადგეს შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, იგულისხმება როგორც შემდგომი ფინანსური სახსრების გამოყოფის შეჩერება, ასევე ევროკავშირის მაკრო ფინანსური დახმარებისა და ბიუჯეტის დამხმარე პროგრამების პირობითობის ზრდა.
ამასობაში, საქართველოს პარლამენტის მიერ მიმდინარე საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმების გატარება მოითხოვს ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას, ისევე როგორც, ეუთო/ოდირ-ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულებას. ეს რეფორმები საკვანძო მნიშვნელობისაა ნდობის აღსადგენად. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას უზრუნველყოს ნამდვილად ინკლუზიური პროცესი, რათა თავიდან აირიდოს მომავალი არჩევნებისა და მართლმსაჯულების შემდგომი დაკნინება, ასევე სამომავლო, შესაძლო შეთანხმებისთვის საჭიროების გარეშე კარის დახურვა.
მოვუწოდებთ ქართველ ლიდერებს, იმოქმედონ მყისიერად. ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის მომავალი საფრთხეშია".
განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: დევიდ მაკალისტერი (EPP), მარინა კალიურანდი (S&D), ანდრიუს კუბილიუსი (EPP), ვიოლა ფონ კრამონი (GREENS), სვენ მიქსერი (S&D), მიხაელ გალერი (EPP) და პეტრას აუსტრევიჩუსი (RENEW).