მამა ანდრია სარია შესაძლოა მღვდელმსახურებიდან განკვეთონ.
როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა, ანდრია სარიას შესაძლო განკვეთის მიზეზი, "მისი შეურაცხმყოფელი განცხადებებია".
„დღეს შედგა ეპარქიალური სხდომა, რომელიც განიხილავს სხვადასხვა საკითხებს. დღეს სხდომაზე მოწვეული იყო მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია. მას განემარტა, რომ მის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები ექვემდებარება განკვეთას. იცით, რომ მამა ანდრია სარიას ადრე მიეცა შენიშვნა, შენიშვნის მერე მას შეუჩერდა მღვდელმსახურება, იგივე ქცევების გამო, რა ქცევების გამოც მას შეუჩერდა მღვდელმსახურება, დღეს შედგა კომისია და მას განემარტა, რომ კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მისი საქციელი ექვემდებარება განკვეთას, კომისია მიიღებს დასკვნას და რადგანაც კომისია გადაწყვეტილებას არ იღებს, რეაგირებისათვის ეს დასკვნა გადაეცემა პატრიარქს", - განაცხადა ჯაღმაიძემ.
31 მარტს მღვდელმონაზონი ანდრია სარია საპატრიარქოში დაიბარეს, მიზეზად კი, მის მიერ გაკეთებული "საჯარო შეურაცხმყოფელი განცხადებები“ დაასახელდა.
მღვდელმონაზონი საპაატრიარქოს აქტიურად აკრიტიკებს. მასსა და საპატრიარქოს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ დაიძაბა.
მას შემდეგ, რაც პეტრე ცაავა ჭყონდიდის მიტროპოლიტობიდან განაყენეს, საპატრიარქომ ეპარქიის მმართველად ჯერ გრიგოლ კაცია დანიშნა, შემდეგ კი - სტეფანე კალაიჯიშვილი. მრევლის ნაწილი მათ ეწინააღმდეგება და ეპისკოპოსი პეტრეს მიერ გაკეთებული განცხადებების ნამდვილობის და მისი სიმართლის დადასტურებას ითხოვს.
პეტრე ცაავა საპატრიარქოს გიორგი მამალაძის საქმის გამო დაუპირისპირდა. მოგვიანებით კი, 2019 წლის 31 ოქტომბერს, მედიას მისი განყენების შესახებ წინასწარ აცნობა და მიზეზად მისი მხრიდან სინოდის სხდომაზე „საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება" დაასახელა.