logo
ENG



კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის: ნამახვანში ინტერნეტის ჩახშობა კონსტიტუციის დარღვევაა

04 აპრ 202112:11
3 წუთის საკითხავი
clock 1153

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის წევრი ორგანიზაციები დაუშვებლად მიიჩნევენ ინტერნეტის შეზღუდვას ნამახვანში. 

რიონის ხეობაში, სადაც ნამახვანჰესის აშენების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია 161 დღეა, მიმდინარეობს, გუშინ, 3 აპრილს მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა. აქტივისტებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს, რასაც მათ შორის ინტერნეტის შეზღუდვა მოჰყვა. 

კოალიცია ხელისუფლებას შეახსენებს, რომ ინტერნეტზე წვდომა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. ნამახვანში მიმდინარე საპროტესტო აქციის მიმართ, მაღალი საჯარო ინტერესის ფონზე კი მიუღებელია კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ინტერნეტის გავრცელების ამგვარი ხარვეზი ნამოხვანში სხვა პერიოდებში არ მომხდარა.

ხეობაში აღიმართა საკომუნიკაციო სიგნალების ჩამხშობი აპარატურა, რამაც გაართულა და ხშირად შეუძლებელი გახადა ინფორმაციის დროულად გავრცელება ხეობაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

NGO-ების შეფასებით, ეს უხეშად არღვევს როგორც შეკრებისა და მანიფესტაციის, ისე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებებს.

კოალიცია მოუწოდებს 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:

- გააკეთოს განმარტება გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტის შესახებ

- დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რათა ნამოხვანში მყოფმა პირებმა ისარგებლონ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებით, ჟურნალისტებს კი ჰქონდეთ სათანადო სამუშაო პირობები პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად.

კომუნიკაციების კომისიას:

შეისწავლოს ნამახვანში ინტერნეტის შეფერხების საკითხი და მოგვაწოდოს ინფორმაცია ამ დროისათვის არსებულ მაჩვენებელზე.


close დახურვა