logo
ENG



გამყრელიძე: ვიმსჯელებთ პედაგოგების ჩართვაზე COVID 19-ის ვაქცინაციის პროცესში

05 აპრ 202113:25
3 წუთის საკითხავი
clock 640

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ შესაძლოა კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესში პედაგოგოებიც ჩაერთონ.

დღევანდელ ბრიფინგზე, სადაც გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროსთან და ჩინეთის ელჩთან ერთად ვაქცინა სინოფარმი წარადგინა, ჟურნალისტმა იკითხა, ხომ არ იგეგმება პედაგოგების აცრა ასაკობრივ ჯგუფებთან და ჯანდაცვის პერსონალთან ერთად, ვინაიდან იზრდება ინფიცირების შემთხვევები. 

"პედაგოგებისა და ბაგა-ბაღების აღმზრდელების ჩართვაზე იმუნიზაციის პროცესში იყო საბჭოს წინა სხდომაზე საუბარი. ახლა, როდესაც ვაქცინების მარაგი ქვეყანაში გაიზარდა, დარწმუნებული ვარ, მეორე სხდომაზე ვიმსჯელებთ. მასწავლებლები გახლდათ ე.წ. ესენციური ჯგუფები, რომლებიც განიხილებოდა ასაკობრივი გაფაროთოების შემდეგ. ვფიქრობ, რომ შემდეგ სხდომაზე ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე და შესაბამისი გადაწყვეტილება გვექნება". - თქვა გამყრელიძემ. 

ეკატერინე ტიკარაძემ და ამირან გამყრელიძემ ჩინური ვაქცინა სინოფარმი ოფიციალურად წარადგინეს. 

სინოფარმს ჯერ არ აქვს WHO-ს ავტორიზაცია, თუმცა, საქართველომ მისი 100 ათასი დოზა შეიძინა.

NCDC და ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მომდევნო 2 კვირის განმავლობაში სინოფარმით აცრა არ დაიწყება - მანამ, სანამ ვაქცინა ავტორიზაციას არ მიიღებს. 

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. 

ქვეყანაში ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 25 მარტს საქართველომ ფაიზერის ვაქცინა მიიღო.

ასტრაზენეკას და ფაიზერის ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა მედპერსონალსა და 55 წელს ზევით ადამიანებს აქვთ.  

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას - ბოლო 24 საათში ვირუსი 228 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 11 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,48%-ია. 


close დახურვა