ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ თუ კორონავირუსის გამოვლენის მაჩვენებელი 2%-ს გადასცდება, საჭირო გახდება დამატებით შეზღუდვების დაწესება და იმ მექანიზმების დაბრუნება, რაც რამდენიმე თვის წინ მოქმედებდა.
"თუკი სურათი გაუარესდა, რა თქმა უნდა, შეიძლება მოგვიხდეს, დავუბრუნდეთ იმ მექანიზმებს, რასაც აქამდე ვიყენებდით.
2% არის ჩვენთვის ის მაჩვენებელი, რომელიც გვაძლევს შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას.
ბოლო 2 კვირის მაჩვენებელი გვაქვს 1.94%, ანუ უახლოვდება 2%-ს, როცა ამას გადასცდება, 5%-ს ვერ დაველოდებით - ეს საგანგაშო მაჩვენებელია - მოგვიწევს, ვიფიქროთ უფრო აქტიურ ღონისძიებებზე". - თქვა გაბუნიამ.
რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს - გაბუნია ამბობს, რომ ხვალ, 7 აპრილს ჩატარდება ვაქცინაციის საბჭოს სხდომა, სადაც, ასაკის მიუხედავად, ვაქცინის დამატებითი ჯგუფები განისაზღვრება.
"ეს პროგრამა დაგვეხმარება მოგვიანებით ეტაპზე. პროგრამაში ჩაერთვებიან მოქალაქეები. დაახლოებით 20 ათასია დარეგისტრირებული და 12 ათასს გადააჭარბა უკვე ვაქცინირებულების რაოდენობამ. მეტი აქტივობა არის თბილისში და ნაკლები - რეგიონებში.
ხვალ არის ვაქცინაციის საბჭოს შეხვედრა. შეიძლება განისაზღვროს დამატებიით ის ჯგუფები, ვისზეც მეტი აქცენტი გაკეთდება ასაკის მიუხედავად. ამაზე საბჭო ხვალ იმსჯელებს და განისაზღვრება ჯგუფები, ვინც ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვება". - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები იმატებს. ბოლო 24 საათში COVID 19-ის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები შეზღუდვებზე ლაპარაკობენ, პარალელურად კი, კორონავირუსზე ვაქცინაცია ნელი ტემპებით მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 1 214 ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის დაწყებიდან 3 კვირის თავზე ჯამში 12 846 ადამიანია აცრილი.