ქართული ოცნების წევრი მიხეილ სარჯველაძე მდინარე ენგურში სამი ადამიანის ცხედრის პოვნასთან დაკავშირებით ამბობს, რომ საკარანტინე წესების დაცვა აუცილებელია, თუმცა, საგამონაკლისო ნორმების დაშვება, ალბათ, განსახილველი იქნება. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვლითი გზით ცდილობდნენ შემოსვლას, რათა 5-დღიანი კარანტინისთვის თავი აერიდებინათ.
სარჯველაძის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი საკითხია და ყველაფერი უნდა გაირკვეს.
"უნდა მოვიკითხოთ ამასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია და ამის მიხედვით უნდა გაკეთდეს შეფასებაც. ძალიან მნიშვნელოვან და ისეთ საკითხზე საუბრობთ, რომელთან დაკავშირებითაც აუცილებელია, რომ გაირკვეს სრულად ყველაფერი, რომელიც ამ ფაქტს შეიძლება, უკავშირდებოდეს.
საკარანტინე წესები, რომელიც მოქმედებს ქვეყანაში, ამასთან ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ თანაარსებობა შევძლოთ რაღაცნაირად, ამიტომ რაღაც სტანდარტული პროცედურებისა და წესების დაცვა ყველას მოუწევს. ეს არ ნიშნავს, რომ განსხვავებული და საგამონაკლისო ნორმები არ უნდა გვქონდეს ცალკეულ რეგულაციებთან დაკავშირებით და შესაბამისად, ესეც, ალბათ, განსახილველი იქნება", - თქვა სარჯველაძემ.
სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მდინარე ენგურიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 143-ე (ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა) მუხლებით მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვლითი გზით ცდილობდნენ შემოსვლას.