20-21 ივნისის აქციის საქმეზე საიამ სტრასბურგში საჩივრები გაგზავნა. საჩივრები შეეხება ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას 22 პირის, მათ შორის, მშვიდობიანი შეკრების უფლებით მოსარგებლე 10 პირის, მედიის 11 წარმომადგენლისა და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი 1 პირის მიმართ ძალის გადამეტებასა და ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას.
საიას განცხადებით, 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო, რაც აქციაზე მყოფი პირების უფლებების მასშტაბურ დარღვევაში გადაიზარდა.
წარდგენილ საჩივრებში მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება - მხოლოდ მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება - მხოლოდ დემონსტრანტების შემთხვევაში), და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებენ.