ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საკოორდინაციო საბჭოზე განიხილება საკითხი, როგორ გამარტივდეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე გადმოსასვლელი გზა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის.
მისივე თქმით, ეს საკითხი ვერ იქნება მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს გადასაწყვეტი.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, მათთვის ეს გზა გავამარტივოთ და დავიყვანოთ მინიმალურ რისკამდე. ჩვენ განვიხილავთ როგორც ეპიდემიოლოგიურ, ისე სხვა რისკებს. ეს საკითხი საბჭოზე დგას დაა ალბათ უახლოეს მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებას". - თქვა ტიკარაძემ.
დღეს, 7 აპრილს, ენგურის გადმოკვეთის დროს რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ერთს - ამ დრომდე ეძებენ.
ოკუპირებულ გალში მცხოვრებლებს ზუგდიდში პენსიის ასაღებად, მედიკამენტების და პროდუქტის შესაძენად გადმოსვლის დროს 5-დღიანი კარანტინის გავლა უწევთ, რის გამოც ისინი ხშირად ენგურის გადმოლახვას ამჯობინებენ. ზოგი შემთხვევა ტრაგიკულად სრულდება.
დაღუპულებს საოკუპაციო რეჟიმისგან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის ნებართვა ჰქონდათ, თუმცა, ქართული მხარის მიერ დაწესებული კარანტინის გამო სიცოცხლით გარისკეს.
ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ 1500-მდე ადამიანს გაუწია მომსახურება და მაქსიმალურად ცდილობს ყველანაირ გამარტივებას იმ რისკების გათვალისწინებით, რომელიც პანდემიის პირობებში არსებობს.
"მე ვიზიარებ ამ ადამიანების ოჯახის წევრების მწუხარებას.
წინა წლებშიც გვქონდა შემთხვევები - ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უწევთ, სხვადასხვა გზით დააღწიონ თავი ამ რეჟიმს". - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.
მდინარე ენგურიდან ამოყვანილი ცხედრები ერთი ოჯახის წევრებს ეკუთვნით.
"სამი მკვდარი ამოვიყვანეთ წყლიდან, მეოთხეს ვერ ვნახულობთ. ისინი გადმოდიოდნენ აფხაზეთიდან და ალბათ ენგურის წყალი გამოუშვეს. ღამე იყო დაახლოებით 05:00 საათი, წყალმა მოუსწრო ოთხივეს და გაიტანა ოთხივე. რუსების საგუშაგოა ახლოს, ნახეს ალბათ ან რაღაც და დააჩქარეს და მოუსწრო წყალმა. ერთი ოჯახის წევრები არიან. ჩემი ძმაა და რძალი, მეორე არის ბიძაშვილის მეუღლე და მეოთხე არის გამყოლი, გზას აჩვენებდა“, - თქვა ერთ-ერთის გარდაცვლილის ძმამ.
გალის მცხოვრებლებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა საოკუპაციო რეჟიმმა 1 წლის წინ, მაშინ აუკრძალა, როცა კორონავირუსი გავრცელდა. დამატებით კი საქართველოს ხელისუფლება მათ კარანტინს უწესებს, რაც მდგომარეობას განსაკუთრებით ართულებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე მთელ პასუხისმგებლობას მხოლოდ საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს და აცხადებს, რომ "მომხდარმა წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების დანაშაულებრივი არსი".