logo
ENG



მაშველებმა ენგურში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, სულ დაიღუპა 4 ადამიანი

07 აპრ 202117:13
3 წუთის საკითხავი
clock 1025
მაშველებმა ენგურში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, სულ დაიღუპა 4 ადამიანი

მაშველებმა ენგურში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, ენგურის გადმოკვეთის დროს დღეს, 7 აპრილს, სულ დაიღუპა 4 ადამიანი. 

ოკუპირებულ გალში მცხოვრებლებს ზუგდიდში პენსიის ასაღებად, მედიკამენტების და პროდუქტის შესაძენად გადმოსვლის დროს 5-დღიანი კარანტინის გავლა უწევთ, რის გამოც ისინი ხშირად ენგურის გადმოლახვას ამჯობინებენ. ზოგი შემთხვევა ტრაგიკულად სრულდება. 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია იმართება. დემონსტრანტები ითხოვენ, გაუქმდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული ადამიანებისთვის დაწესებული 5-დღიანი სავალდებულო კარანტინი.

"მათ შეეძლოთ, გადმოსულიყვნენ ხიდით. ჰქონდათ ნებართვები, მეორე მხარე მათ ამაში ხელს არ უშლიდა. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ თავი აერიდებინათ 5-დღიანი კარანტინისთვის, გადაწყვიტეს ამ გზით წამოსვლა". - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ელისო ჯანაშია. 

დაღუპულებს საოკუპაციო რეჟიმისგან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის ნებართვა ჰქონდათ, თუმცა, ქართული მხარის მიერ დაწესებული კარანტინის გამო სიცოცხლით გარისკეს. 

მდინარე ენგურიდან ამოყვანილი ცხედრები ერთი ოჯახის წევრებს ეკუთვნით.  

"სამი მკვდარი ამოვიყვანეთ წყლიდან, მეოთხეს ვერ ვნახულობთ. ისინი გადმოდიოდნენ აფხაზეთიდან და ალბათ ენგურის წყალი გამოუშვეს. ღამე იყო დაახლოებით 05:00 საათი,  წყალმა მოუსწრო ოთხივეს და გაიტანა ოთხივე. რუსების საგუშაგოა ახლოს, ნახეს ალბათ ან რაღაც და დააჩქარეს და მოუსწრო წყალმა. ერთი ოჯახის წევრები არიან. ჩემი ძმაა და რძალი, მეორე არის ბიძაშვილის მეუღლე და მეოთხე არის გამყოლი, გზას აჩვენებდა“, - თქვა ერთ-ერთის გარდაცვლილის ძმამ. 

გალის მცხოვრებლებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა საოკუპაციო რეჟიმმა 1 წლის წინ, მაშინ აუკრძალა, როცა კორონავირუსი გავრცელდა. დამატებით კი საქართველოს ხელისუფლება მათ კარანტინს უწესებს, რაც მდგომარეობას განსაკუთრებით ართულებს.  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე მთელ პასუხისმგებლობას მხოლოდ საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს და აცხადებს, რომ "მომხდარმა წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების დანაშაულებრივი არსი". 


close დახურვა