logo
ENG



EU: ფინანსური დახმარების პირობაა უზენაესის საკითხის რეკომენდაციების შესაბამისად გადაწყვეტა

07 აპრ 202123:29
3 წუთის საკითხავი
clock 1111
2021/04/07/vrfj8mtdfkvsp1k.jpg

ევროკავშირის განცხადებით, უზენაესი მოსამართლეების შერჩევის წესში საკანონმდებლო ცვლილებების მიღებისას, ვენეციის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება შემდგომი ფინანსური დახმარების გაცემის ერთ-ერთი პირობაა. 

ევროკავშირი იმედგაცრუებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტის მიერ მოსამართლეთა შერჩევის წესში საკანონმდებლო ცვლილებების ნაჩქარევი წესით მიღების გამო. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უმოკლეს დროში მიმართოს ვენეციის კომისიას მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაფასებლად.    

გთავაზობთ განცხადებას სრულად: 

"1 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა უზენაესი მოსამართლეების შერჩევის წესის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს. ევროკავშირს არაერთხელ გამოუთქვამს შეშფოთება შერჩევის პროცესთან და არსებულ წესებთან დაკავშირებული ხარვეზების გამო.  

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მიესალმება ამ ინიციატივას, რადგან ის შერჩევის პროცესის სამართლებრივი ჩარჩოს ცვლილებას გულისხმობს, იმედგამაცრუებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა ნაჩქარევად შეადგინა და მიიღო ეს ცვლილებები, მრავალმხრივი საკონსულტაციო პროცესის გარეშე. ჩვენ დანანებით აღვნიშნავთ, რომ საქართველომ ერთხელ უკვე მიიღო ეს კანონმდებლობა დაჩქარებული პროცესით, ვენეციის კომისიისადმი დროულად მიმართვის და კომისიის საბოლოო მოსაზრებისთვის მოცდის გარეშე.

ამიტომ, ევროკავშირის დაჟინებით ურჩევს საქართველოს, უმოკლეს დროში მოითხოვოს ვენეციის კომისიის შეფასება იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამება მიღებული ცვლილებები კომისიის წინა რეკომენდაციებს. ახალი საკანონმდებლო წესები, ვენეციის კომისიის დასტურის შემთხვევაში, კონკურსის ყველა მონაწილეზე თანასწორად უნდა გავრცელდეს.

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ უზენაესი სასამართლო, როგორც საქართველოს უმაღლესი სასამართლო ინსტანციაა, დაკომპლექტებული იყოს უმაღლესი პროფესიული კომპეტენციის და კეთილსინდისიერების მქონე მოსამართლეებით. უზენაესი მოსამართლეების შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ერთ-ერთი პირობაა მოქმედი პროგრამის ფარგლებში მეორე მაკროფინანსური დახმარების საკითხის გადაწყვეტისას ". 

საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერებასა და პირობითობის გაზრდაზე პირველად ევროპარლამენტარებმა ერთობლივი განცხადება 1-ელ აპრილს გამოაქვეყნეს. საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარები იმედგაცრუებას გამოთქვამდნენ ქრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტის წარუმატებლად დასრულების გამო და განაცხადეს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები პოლიტიკური კრიზისის გადაჭრამდე ჩვეულ რეჟიმში ვეღარ გაგრძელდება. 

 


close დახურვა