პროკურორი ამირან გულუაშვილის თქმით, ნიკა მელიას და მისი ადვოკატების თვითმიზანი მელიას პატიმრობაში დარჩენაა.
გულუაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას საქმეში დაცვის მხარე კანონით სპეკულირებს.
"ნიკანორ მელიას პატიმრობა არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი. პროკურატურამ დაცვის მხარეს საჯარო განცხადებით შესთავაზა კონკრეტული სამართლებრივი გზა, მათი მზადყოფნის შემთხვევაში, როგორ მომხდარიყო აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით. რეალურად, დაცვის მხარე ახდენს კანონით სპეკულირებას და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას და იძახის, რომ მსგავსი სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს", - აცხადებს პროკურორი.
ამასთან, გულუაშვილმა აღნიშნა, რომ "ნებისმიერი იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმაც კი იცის, რომ ბრალდების მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლა".
"რეალურად, ნიკანორ მელიას და მისი ადვოკატების მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ნიკანორ მელიას პატიმრობაში ყოფნა. ნიკანორ მელას პატიმრობა არის ნიკანორ მელიას თვითმიზანი", - განაცხადა გულუაშვილმა.
პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.
მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს მელიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა.
23 თებერვალს ნიკა მელია დააკავეს.