logo
ENG



საქართველოში ასტრაზენეკათი 55 წელს გადაცილებული ადამიანები აიცრებიან

08 აპრ 202115:10
3 წუთის საკითხავი
 

ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება რეკომენდირებული 55 წელს ზემოთ ადამიანებისთვის გახდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

გაბუნიამ აღნიშნა, რომ ასტრაზენეკათი ვაქცინაცია გაგრძელდება ისე, როგორც მიმდინარეობს, თუმცა ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით მისი გაფართოვება აღარ მოხდება.

"დღეს ექსპერტების საბჭომ იმსჯელა და გაუწია რეკომენდაცია ასტრაზენეკათი ვაქცინაციის გაგრძელებას 55 წლის ზემოთ. იქნება ეს მაღალი რისკის ჯგუფი თუ ნებისმიერი სხვა ჯგუფი, გამომდინარე ქრონიკული დაავადებების არსებობიდან ან იმ კუთვნილებიდან, რომელიც მის რისკს ზრდის პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში, მხედველობაში მაქვს ესენციური სერვისების მიმწოდებლები, ჯანდაცვის პროფესიონალები. ვაქცინაციის პროგრამა ასტრაზენეკას ვაქცინით გაგრძელდება 55 წლის ასაკობრივ ჯგუფში, როგორც ეს ახლა მიმდინარეობს. შემდგომი გაფართოვება ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით ასტრაზენეკასთვის აღარ მოხდება.", - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ვინც პირველად გაიკეთა ასტრაზენეკას ვაქცინა, მეორედაც ამ ვაქცინით აიცრება.

"რაც შეეხება პირველი ვაქცინაციის ჩატარებას და მომდევნო ვაქცინაციას ისევ ასტრაზენეკათი, ამ შემთხვევაში რეკომენდაცია რაიმე ცვლილების შესახებ საჭირო არ არის და არ არსებობს", - განაცხადა გაბუნიამ.

 

EMA-მა (ევროპის მედიცინის სააგენტო) თრომბსა და AstraZeneca-ს ვაქცინას შორის, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლო კავშირი დაადგინა.   

ამ დასკვნის გასაკეთებლად EMA-ს კომიტეტმა მხედველობაში მიიღო ყველა არსებული, მათთვის ცნობილი შემთხვევა, ასევე, ექსპერტთა დროებითი ჯგუფის რჩევები. 

სააგენტო აცხადებს, რომ ბრიტანული ვაქცინით აცრის შემდეგ თრომბის იშვიათი შემთხვევა 25 მილიონი აცრილი ადამიანიდან მხოლოდ 86-ს განუვითარდა, შემთხვევების უმეტესობა 60 წლამდე ზრდასრულ ქალებზე მოდის. 

AstraZeneca-ს ვაქცინაციის თანმდევი, შესაძლო ჯანმრთელობის რისკების შესახებ მოკვლევა უკვე ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა მასობრივი ვაქცინაციისთვის ბრიტანული ვაქცინის გამოყენება ამ დრომდე არცერთ ქვეყანას არ შეუწყვეტია.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის 70-ზე მეტ ქვეყანაში არის დამტკიცებული, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში. 

საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინით სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო, 65 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის AstraZeneca-სა 25 მარტიდან, 55 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის კი 3 აპრილიდან გახდა ხელმისაწვდომი.


close დახურვა