logo
ENG



ადვოკატი: მუხთარლის საქმეზე პროკურატურა თანახმაა, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდეს

08 აპრ 202117:21
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/08/p6zzxcxhdq40r5m.jpg

აფგან მუხთარლის ადვოკატის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმის გამოძიების ფარგლებში, სავარაუდოდ, საგამოძიებო ექსპერიმენტიც ჩატარდება.

როგორც არჩილ ჩოფიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი ყველანაირ საგამოძიებო მოქმედებაში მიიღებენ მონაწილეობას. 

„თუ იქნება აზერბაიჯანული ენის თარჯიმანი, მზად ვართ, კვლავ გამოვცხადდეთ დილიდანვე და მონაწილეობა მივიღოთ გამოკითხვაში და ყველა საგამოძიებო მოქმედებაში, რომელსაც აპირებს საგამოძიებო: საგამოძიებო ექსპერიმენტში თუ რაიმე ნიმუშის აღებაში, იქნება ეს დნმ თუ სხვა", - ამბობს ჩოფიკაშვილი.

ჟურნალისტების კითხვაზე, გამოთქვა თუ არა მზაობა საგამოძიებო უწყებამ ექსპერიმენტის ჩატარების საკითხზე, ადვოკატი პასუხობს, რომ მსგავსი საგამოძიებო მოქმედებები იგეგმება.

„კი, სავარაუდო თარიღი ჯერ არაა ცნობილი, ეს უნდა მოხდეს გამოკითხვის შემდეგ", - აცხადებს ადვოკატი. 

აფგან მუხთარლი თბილისში, 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს და ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს. აზერბაიჯანმა მას ბრალად საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ვალუტის კონტრაბანდა წაუყენა. 

მუხთარლი ამბობდა, რომ მას ქვეყნის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო სდევნიდა. ის ამბობს, რომ მის დაკავებამდე აზერბაიჯანულმა ხელისუფლებამ 4 ჟურნალისტი მოკლა, ხოლო 30 დააკავა. 


close დახურვა