logo
ENG



ხოშტარია "უცნობის" აქციაზე: ამოცანააა, განსხვავებები არ გადაიზარდოს ძალადობრივ კონფლიქტში

10 აპრ 202100:11
3 წუთის საკითხავი
 
ხოშტარია "უცნობის" აქციაზე: ამოცანააა, განსხვავებები არ გადაიზარდოს ძალადობრივ კონფლიქტში

ელენე ხოშტარია გია გაჩეჩილაძის მიერ ორგანიზებულ აქცია-მსვლელობას ეხმაურება და აცხადებს, რომ საზოგადოება უნდა შეეგუოს არსებულ განსხვავებებს შეხედულებებში, რათა ეს ყველაფერი ძალადობაში არ გადაიზარდოს.

როგორც მოძრაობა დროას ლიდერი ამბობს, მოქმედი მმართველი გუნდის პრობლემა სწორედ ის არის, რომ საზოგადოებაში არსებულ განსხვავებებს პარტიული მიზნებისთვის იყენებს.

„უნდა შევეჩვიოთ, რომ განსხვავებები ჩვენ საზოგადოებაში სულ იქნება. განსხვავებული დამოკიდებულება სამშობლოს მიმართ, თავისუფლების მიმართ, რეფორმების თუ სტატუს კვოს შენარჩუნების მიმართ. ეს განსხვავებები აქციებშიც გამოიხატოს, რა პრობლემაა? გამორიცხულია ყველა ერთ აზრზე ვიყოთ.

ანუ მე, როგორც პოლიტიკოსს, როცა მაქვს ამბიცია, რომ მმართველობის მანდატი მივიღო, არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობ, რომ შევცვალო ხალხის წარმოდგენები, ყველა ისეთი გახდეს და ისე იფიქროს, როგორც მე ვიფიქრებ ან უმრავლესობა, მმართველი გუნდი იფიქრებს.

პოლიტიკური ამოცანა არის სხვა. ეს განსხვავებები არ გადაიზარდოს ძალადობრივ კონფლიკტში, უმრავლესობამ არ დაჩაგროს უმცირესობა, დადგინდეს თამაშის წესები, რომ არავის სანაგვეზე გადაგდება, არავის მიტინგის ალაგმვა, არავის ცემა თუნდაც ყველაზე გულწრფელი აღშფოთების გამო, არავის ციხეში ჩასმა უკანონოდ.

ახლანდელი ხელისუფლების პრობლემა არის იმაში, რომ განსხვავებებით სარგებლობს პარტიული მიზნებისთვის, ძალადობის უფლებას ანიჭებს თავისიანებს და კანონი არ აინტერესებს. გადაწყვიტა სულ უმრავლესობაში იყოს და თავის ჭკუაზე გვატაროს", - წერს ხოშტარია.

გია გაჩეჩილაძემ, იგივე "უცნობმა" დღეს აქცია-მარში გამართა ოპოზიციის წინააღმდეგ და "პოლიტიკური ნაგვის გატანა" მოითხოვა. 

"უცნობმა" მის მიერვე ორგანიზებულ "ინტელექტუალურ შეკრებაზე" ევროპის მოედანზე მდგარ ბერლინის კედლის ფრაგმენტს "ღმერთი სიყვარულია" წააწერა.

დღის ბოლოს გაჩეჩილაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა აი იას დაფუძნება დააანონსა.


close დახურვა