logo
ENG



შსს: ნამახვანთან რიონის წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება, ზონიდან კარვები გაგვაქვს

11 აპრ 202116:58
3 წუთის საკითხავი
clock 1150
შსს: ნამახვანთან რიონის წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება, ზონიდან კარვები გაგვაქვს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ნამახვანში, მდინარე რიონის წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება, ამიტომ, მიიღეს გადაწყვეტილება, "საფრთხის შემცველი ზონიდან კარვების გატანისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ".

"გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ჰიდროლოგიური მონაცემებით, მდინარე რიონის წყლის დონე ამ ეტაპზე აღემატება სასიგნალო ნიშნულს და არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც შესაძლოა მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საფრთხის თავიდან აცილების და აქციის მონაწილეთა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მიიღო გადაწყვეტილება საფრთხის შემცველი ზონიდან კარვების გატანისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს. 


close დახურვა