logo
ENG



ჯაფარიძე: საქართველოში ჩვენი მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან

11 აპრ 202121:53
3 წუთის საკითხავი
clock 1506
ჯაფარიძე: საქართველოში ჩვენი მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან

ლელოს ერთერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, საქართველოში მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან.

როგორც მან ჟურნალისტებს ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, იმედი აქვს, რომ მინისტრების ჩამოსვლა შეთანხმებას შეუწყობს ხელს.

"ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაცია უნდა ეწვიოს ჩვენ ქვეყანას. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან. კარგია, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან, რომელთა ჩამოსვლა სწორედ ეძღვნება ამ კრიზისს, რაშიც ქვეყანა იმყოფება. მე იმედი მაქვს, რომ ეს ჩამოსვლაც ხელს შეუწყობს კრიზისის გადაჭრის გზებზე შეთანხმებას", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ელჩებს დღეს, 11 აპრილს ლელოს ლიდერები შეხვდნენ, მანამდე კი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იმყოფებოდა. მას კომენტარი არ გაუკეთებია.

5 მარტს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თქვა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები "მედიატორთა ჯგუფის" შექმნას აპირებენ, რათა საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში დაეხმარონ. მანვე აღნიშნა, რომ ისინი საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მედიაციის მიზნით გამართული მეორე ვიზიტი 31 მარტს კვლავ უშედეგოდ დაასრულა. მის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს არც ერთმა დეპუტატმა ხელი არ მოაწერა.

ამის გამო ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.

ევროპარლამენტარები დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და პასუხისმგებლობას მონაწილე მხარეებს, ხოლო განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას აკისრებენ.


close დახურვა