logo
ENG



ინსპექტორმა პირს, უნებართვოდ განთავსებისთვის, Youtube-დან მონაკვეთის ამოჭრა დაავალა

12 აპრ 202111:38
3 წუთის საკითხავი
clock 764
ინსპექტორმა პირს, უნებართვოდ განთავსებისთვის, Youtube-დან მონაკვეთის ამოჭრა დაავალა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, Youtube-ზე ვიდეომასალის უნებართვოდ გასაჯაროების გამო ფიზიკურ პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა. 

სამსახურის ცნობით, მათ მოქალაქის განცხადების საფუძველზე, ფიზიკური პირის მიერ Youtube-ზე  ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების კანონიერება შეისწავლეს.

სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი, სოციალურ ქსელში საკუთარი არხის პოპულარიზაციის, მნახველების მოზიდვისა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, იღებდა და Youtube-ზე ათავსებდა იუმორისტული ხასიათის ვიდეომასალას.

მან ერთ-ერთი იუმორისტული სცენა, განმცხადებლის მონაწილეობით, ამ უკანასკნელის ინფორმირების გარეშე გადაიღო და Youtube-ის საკუთარ არხზე ატვირთა. მოგვიანებით, ატვირთული ვიდეო სხვადასხვა სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა.

განმცხადებელმა ამის შესახებ ნაცნობისგან შეიტყო და Youtube არხის მმართველს ვიდეოჩანაწერიდან მისი გამოსახულების შემცველი ეპიზოდის ამოჭრა მოსთხოვა.

Youtube არხის მმართველმა პირმა განმცხადებლის მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ გაითვალისწინა. კერძოდ, ვიდეოჩანაწერიდან მისი გამოსახულების სრულად ამოჭრის ნაცვლად, სახის გამოსახულება დაფარა.

სახელმწიფო ინსპექტორმა მომხდარზე იმსჯელა და დაადგინა, რომ ვიდეოწარმოდგენაში პირის პერსონაჟის სახით მონაწილეობა მისი ინფორმირებისა და ნების გარეშე, სადაც იგი წარმოჩენილია ისეთ სიტუაციაში ან/და მდგომარეობაში, რომელიც იწვევს სხვა პირთა გახალისებას ან/და მის შესახებ აყალიბებს საზოგადოებაში გარკვეულ წარმოდგენებს (რისი ეშინია, როგორ იქცევა გარკვეულ სიტუაციაში და ა.შ.), შესაძლოა იწვევდეს ადამიანის პირად ცხოვრებაში არასასურველ ჩარევას.

შესაბამისად, ასეთი გზით მოპოვებული ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებამდე, შესაბამისი სცენის პერსონაჟს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ვიდეოჩანაწერის გამოყენების შესახებ და აღნიშნულის გასაჯაროებაზე მოპოვებულ უნდა იქნას მისი თანხმობა.

ვინაიდან არ არსებობდა განმცხადებლის თანხმობა ან/და სხვა სამართლებრივი საფუძველი ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებაზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის Youtube არხის მმართველ ფიზიკურ პირს დააკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამავდროულად, დაავალა Youtube არხზე განთავსებული ვიდეოდან განმცხადებლის გამოსახულების შემცველი მონაკვეთის ამოჭრა და მსგავსი ტიპის ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებამდე ვიდეოჩანაწერში ასახული პირების წინასწარი ინფორმირება და შესაბამისი თანხმობის მოპოვება.


close დახურვა