logo
ENG



წულუკიანს სურს, ეკლესიასთან ურთიერთობის დასარეგულირებლად კულტურის კოდექსში ცალკე თავი იყოს

12 აპრ 202116:40
3 წუთის საკითხავი
clock 1558
2021/04/12/sh80hhjy0c7g2ou.jpg

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს სურს, კულტურის კოდექსში ცალკე თავი გაჩნდეს, რომელიც კულტურის დარგში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობებს დაარეგულირებს.

როგორც მინისტრმა ბიემჯისთან ისაუბრა, ეს მთლიანად ეკლესიაზეა დამოკიდებული - გამოთქვამს თუ არა ამის სურვილს.

"იდეალურ შემთხვევაში, თუკი ეკლესიას ამის სურვილი ექნებოდა, ჩვენ მზად ვიქნებოდით, რომ ამ რთულ პროცესში შევსულიყავით მათთან ერთად, თუმცა ეს მთლიანად მათზე იქნება დამოკიდებული - შევეჭიდებით თუ არა ამ სფეროსაც, რომ კოდექსში ცალკე თავი გაჩნდეს კულტურის დარგში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის დასარეგულირებლად.

კონსტიტუციური შეთანხმება, რომელსაც შეცდომით ყველა კონკორდატს ვეძახით, არის კანონი და ჩვეულებრივ კანონზე უფრო მაღლა მდგარი კანონი, მაგრამ მისი კანონქვემდებარე აქტი არასდროს შემუშავებულა, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს გარკვეული ტიპის კონსტიტუციური დოკუმენტი, ზოგადი, მნიშვნელოვანი, მაგრამ ზოგადი, მაგრამ როგორ უნდა გამოვიყენოთ ამა თუ იმ შემთხვევაში, ამის არავითარი წესი არ არის დადგენილი. იდეალურ შემთხვევაში კოდექსი, თავისი ერთერთი თავით, შეიძლება გახდეს კონსტიტუციური შეთანხმების კანონქვემდებარე აქტიც", - თქვა წულუკიანმა.

მისივე განცხადებით, როცა კორონავირუსის გადადების საფრთხე გადაივლის, ამ საკითხზე პატრიარქს შეხვდება. 

"აქ ხაზს გავუსვამ იმას, რომ თუ ეკლესიას ამის სურვილი არ ექნება, ან არ იქნება მოტივირებული იმისთვის, რომ კონსტრუქციული დიალოგი შედგეს, ჩვენ ამაში თავს არ გავყოფთ. ჩვენ ამასთან დაკავშირებით კომუნიკაციას ოფიციალურად დავიწყებთ, თუმცა რამდენიმე სასულიერო პირთან ეს პოზიცია გამოვხატე და საკმარისი ეს არ არის, რადგან ეს არაოფიციალური კონტაქტია. როგორც კი და იმედი მაქვს, ვაქცინაციის პროცესი სწრაფად წავა და არ ვიქნები რაიმე ტიპის საფრთხის შემცველი უწმინდესისა და უნეტარესისთვის, მე მას ვეახლები და კითხვას დავუსვამ. თუ იქნება მათი სურვილი, ჩვენ მზად ვიქნებით ამ ურთულეს პროცესში ჩავერთოთ, მაგრამ მომავლისთვის საშვილიშვილო საქმე გავაკეთოთ", - აღნიშნა წულუკიანმა.

კულტურის კოდექსის შექმნის შესახებ წულუკიანმა 26 მარტს ისაუბრა. მისი თქმით, განაახლებენ და კულტურის კოდექსში თავს მოუყრიან გაფანტულ და მოძველებულ სამართლებრივ ნორმებს. წულუკიანმა თავის ერთერთ მოადგილეს დაავალა, რომ კოდექსის შექმნას სათავეში ჩაუდგეს.


close დახურვა