logo
ENG



თალაკვაძე: პრინციპულად მზად ვართ ხელი მოვაწეროთ შეთანხმების დოკუმენტს

12 აპრ 202118:54
3 წუთის საკითხავი
clock 861
თალაკვაძე: პრინციპულად მზად ვართ ხელი მოვაწეროთ შეთანხმების დოკუმენტს

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქართული ოცნება მზად არის, რომ ევროპელი დიპლომატის კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწეროს.

როგორც თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ ოპოზიცია თავის დამოკიდებულებას გადახედავს. მისი თქმით, საზოგადოებას დესტაბილიზაცია არ სურს და ეს გასათვალისწინებელია.  

"პარლამენტში გარეთ ჩვენი პარტნიორები და ჩვენი საზოგადოება არ უჭერს მხარს დესტაბილიზაციას. ვფიქრობ, რომ ეს სიგნალი უნდა აღმოჩნდეს სახელმძღვანელო დანარჩენი პოლიტიკური პარტიებისთვის ოპოზიციის შიგნით. ხელისუფლებას ჰქონდა პრინციპული მზადყოფნა, ყველა საკითხთან მიმართებაში, რომელიც დიალოგის ფარგლებში იყო დასმული.

ჩვენ ვთქვით მკაფიოდ, გამართულ დიალოგზე, რომელსაც ბატონი დანიელსონი უწევდა მედიაციას, რომ მმართველი გუნდი, ქართული ოცნება პრინციპულად მზად ვართ ხელი მოვაწეროთ შეთანხმების დოკუმენტს და პოზიტიურად დავასრულოთ ეს დიალოგი. რა თქმა უნდა, ჩვენი მზადყოფნა არსებობს ამასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია საკუთარ პასუხებს და დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გადახედავს", - ამბობს თალაკვაძე. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მედიაციის მიზნით გამართული მეორე ვიზიტი 31 მარტს კვლავ უშედეგოდ დაასრულა. მის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს არც ერთმა დეპუტატმა ხელი არ მოაწერა. ამის გამო ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.

ევროპარლამენტარები დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და პასუხისმგებლობას მონაწილე მხარეებს, ხოლო განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას აკისრებენ.

5 მარტს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თქვა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები "მედიატორთა ჯგუფის" შექმნას აპირებენ, რათა საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში დაეხმარონ. მანვე აღნიშნა, რომ ისინი საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ.

 


close დახურვა