logo
ENG



საპატრიარქო ნამახვანზე: დაუშვებელია კატეგორიული ტონი, აუცილებელია, შედგეს დიალოგი

14 აპრ 202115:17
3 წუთის საკითხავი
clock 498
საპატრიარქო ნამახვანზე: დაუშვებელია კატეგორიული ტონი, აუცილებელია, შედგეს დიალოგი
ფოტო: ვახო ქარელი

საპატრიარქო რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებზე ამბობს, რომ "დაძაბულობა შემაშფოთებელია, კატეგორიული ტონი კი მიუღებელი". 

გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია, რომ აუცილებელია, შედგეს დიალოგი. 

"მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა. ეს დიალოგი არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღარ დარჩეს გაუგებრობები ნამახვან-ჰესის პროექტთან დაკავშირებით და საზოგადოებასაც ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს.

დაუშვებელია სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, დაუშვებელია კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ურთიერთ მოსმენის შესაძლებლობას.

პატივისცემით მივმართავთ ყველა მხარეს და ვთხოვთ, ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას". - აცხადებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო. 

რიონის ხეობის მცხოვრებლები და აქტივისტები ჰიდროელექტროსადგურის აშენებას სამ თვეზე მეტია, აპროტესტებენ. 

ისინი ითხოვენ: შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

"რიონის მცველების" თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს. 

ამასთან, რამდენიმე კვირაა, აქტივისტებს ნამოხვანში შესვლა აკრძალული აქვთ. 14 აპრილს პოლიციამ სოფლის შესასვლელთან რკინის ჯებირებიც აღმართა. 

იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის, სულხან თამაზაშვილს თქმით, ამას 2 მიზეზი აქვს: სამძებრო სამუშაოები - რამდენიმე დღის წინ რიონში დაკარგულ კაცს ამ დრომდე ეძებენ. და ის, რომ "რიონის მცველები" უპირისპირდებიან ინვესტორის მიერ დასაქმებულ ადგილობრივებს, რომლებმაც "ლუკმაპურის სარჩო ნახეს არა სხვა ქვეყანაში, არამედ საქართველოში". 


close დახურვა