logo
ENG



შსს: ავლაბარში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს 7 მძევალი ჰყავდა

16 აპრ 202115:06
3 წუთის საკითხავი
clock 1199

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ავლაბარში, საქართველოს ბანკში შეჭრის ბრალდებით დაკავებული თავდამსხმელი 28 წლის ნიკა წურწუმიაა. უწყების ცნობით, მან ბანკში 7 მძევალი აიყვანა.

გამოძიების ვერსიით, შეიარაღებული ნიკა წურწუმია თბილისში, დუშეთის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალში დღის პირველ ნახევარში შეიჭრა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ნ.წ. ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა", - წერია განცხადებაში.

ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.


close დახურვა