logo
ENG



აქტივისტები: აქციაზე დაკავებულ ქალს პოლიციელმა "გინდა მოგეფერო და დაგამშვიდო?" ჰკითხა

16 აპრ 202123:15
3 წუთის საკითხავი
clock 5408

სამოქალაქო აქტივისტი და მმართველობის მონიტორინგის ცენტრის ერთერთი დამფუძნებელი, გიორგი ნონიაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს ქალ აქტივისტზე შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით.

როგორც გიორგი ნონიაშვილი წერს, აქტივისტი რუსკა მჭედლიძეს დაკავების შემდეგ პოლიციელები სხვადასხვა სახის შეურაცხყოფას აყენებდნენ.

„დაკავების შემდეგ, პოლიციის შენობაში, ერთ-ერთი პოლიციელი რუსკას ეხებოდა და მიმართავდა: “რა გინდა მოგეფერო და დაგამშვიდო?" ამას შეესწრნენ სხვა დაკავებული აქტივისტები. რუსკამ ყვირილი დაიწყო. ხელები გადაუგრიხეს და ბორკილები გადაუჭირეს. ატკინეს. მერე დიდხანს აგრძელებდნენ პოლიციელები მის დაცინვას და მუქარას", - წერს ნონიაშვილი.

აქტივისტის თქმით, პოლიციელები ქალს იმაზეც მიანიშნებდნენ, რომ სოციალურ ქსელში ზედმეტად აქტიურობდა. ნონიაშვილი წერს, რომ რუსკა მჭედლიძის ფეისბუქანგარიში გაუგებარი მიზეზებით გაუქმდა.

„[პოლიციელები] უთითებდნენ რომ ზედმეტად აქტიურობდა ფეისბუქზეც. რამდენიმე საათში რუსკას ფეისბუქი გაუქმდა. რეპორტის მიხედვით, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. გასარკვევია სამართალდამცავმა ორგანოებმა რაიმე ყალბი მიზეზით მიმართეს თუ არა ფეისბუქს", - ვკითხულობთ ნონიაშვილის პოსტში.

ინფორმაციას ავრცელებენ სხვა აქტივისტებიც. წინასწარი დაკავების იზოლატორში მომხდარს ნიკუშა ფარულავა იხსენებს.

„რუსკა მჭედლიძეს ერთმა პოლიციელმა, მამაკაცმა უთხრა -“რა გინდა მოგეფერო და დაგამშვიდო?” და ხელებით მისკენ გაიწია. რეაქცია ამაზეც გვქონდა, რასაც რუსკას ხელების გადაგრეხვა და ბორკილების გადაჭერა მოჰყვა", - წერს ფარულავა სოციალურ ქსელში.

 

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების ოფისთან 14 აპრილს გამართულ აქციაზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. პროტესტის მონაწილეები ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო ხუთდღიანი კარანტინის გაუქმებას მოითხოვდნენ. 


close დახურვა