logo
ENG



რუსთაველის თეატრთან მაყაშვილის მხარდამჭერი აქციის შინაარსი თეატრის მსახიობებმა გააპროტესტეს

17 აპრ 202114:23
3 წუთის საკითხავი
 
მარიამ ნიკურაძე/OC media

რუსთაველის თეატრის წინ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქციას დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი გილდია და უფლებადამცველები მართავენ.

აქციის მონაწილეები მსახიობ ნინუცა მაყაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ. ისინი რობერტ სტურუას და ელისო ბოლქვაძეს საჯაროდ ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენი აქციის მოთხოვნაა, რომ ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე, არ გააკეთონ დისკრიმინაციული განცხადებები. ასეთი განცხადებები გააკეთეს სამხატვრო ხელმძღვანელმა და ელისო ბოლქვაძისგან, მათგან ვითხოვთ ბოდიშს განცხადებების გამო, რომელიც ახალისებს შევიწროებას, ძალადობას.

იმის ნაცვლად, რომ მხარი დაეჭირათ ადამიანისთვის, რომელმაც საკუთარი ტრაგედია მოყვა, ქილიკი დაიწყეს. ეს ახალისებს ძალადობას", - ამბობს გილდიას წარმომადგენელი, გიგა ბექაური.

აქციის მიმდინარეობისას თეატრის შენობიდან რამდენიმე მსახიობი გამოვიდა და პროტესტის შინაარსი გააკრიტიკა. მსახიობები აქციის მონაწილეებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

როგორც მსახიობები ამბობენ, ბესო ზანგური ყველა სპექტაკლიდან ჩახსნა რუსთაველის თეატრმა და ახლა რობერტ სტურუას მიმართ რაიმე სახის კრიტიკა არასწორია. მათივე თქმით, ყველანაირი სახის ძალადობას გმობენ.

რობერტ სტურუას მხარდაჭერა გამოუცხადეს მსახიობებმა ლევან ხურციამ, გოგა ბარბაქაძემ, მარიკა დობორჯგინიძემ და ა.შ.

„გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ ყველაფერი გადავიდა რობერტ სტურუაზე და რობერტ სტურუამ წაახალისა ბესო ზანგური. რაც შეუძლია გააკეთოს, თეატრმა ეს გააკეთა. თუ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე და გამოცხადდება ეს კაცი დამნაშავედ, მაშინ მიიღებს კიდევ მეტ გადაწყვეტილებას. 

სოლიდარობას ვუცხადებთ ნინუცა მაყაშვილს ჩვენც და მთელი თეატრიც, ვგმობთ ძალადობას. მე ვარ ამ თეატრის მსახიობი და ვიცი, რა ხდება", - ამბობს გოგა ბარბაქაძე.

 

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი მეუღლის ბესო ზანგურის მხრიდან სისტემატური ძალადობის შესახებ რუსთავი 2-ის გადაცემა ფარულ კონვერტში ისაუბრა.

თეატრის მსახიობების უმეტესობამ სავარაუდო ძალადობის მსხვერპლ ქალს მხარი დაუჭირა, თუმცა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ და თეატრალური საზოგადოების რამდენიმე ცნობილმა წარმომადგენელმა სავარაუდო მოძალადეს გამოუცხადა მხარდაჭერა. 

16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მსახიობი ბესო ზანგური, რომელსაც ყოფილი მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს, დროებით ყველა როლიდან მოხსნეს.


close დახურვა