logo
ENG



უგულავა: ოპოზიციამ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს, ბოიკოტი შეწყდეს მელიას გამოშვების შემდეგ

19 აპრ 202111:32
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

პოლიტიკოსი გიგი უგულავა დასავლელი პარტნიორების მიერ ხელისუფლებასა და ოპოზიციისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ეხმაურება და ამბობს, რომ სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ტაქტიკური ცვლილებებია საჭირო. 

მისი თქმით, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა - რამდენად იქნება გამბედავი, არ აღმოჩნდეს საკუთარი სიტყვის მძევალი. 

უგულავას თქმით, დადგა დრო, რომ ოპოზიცია პოლიტპატიმარ მელიას გარშემო გაერთიანების შემდეგ გაერთიანდეს თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის,  მელიას გარშემო.

"ამისათვის მე მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს. წარმოუდგენელია, ერთდროულად ოპოზიცია იჯდეს პარლამენტში, ხოლო მელია - ციხეში". - წერს გიგი უგულავა. 

მისივე განცხადებით, აშკარაა, რომ ბოიკოტი არ არის საკმარისი საფუძველი მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული ოპოზიციის ერთიანობისთვის და საჭიროა ერთობის ახალი საფუძვლების ქონა.

ეს კი, მისი აზრით, უნდა იყოს: 

"ოპოზიციის ხედვა და გეგმა

ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია - რიგგარეშე სრულად პროპორციული საპარლმენტო არჩევნები.

ჩვენ ხშირად გვავიწყდება და მარტო რიგგარეშე არჩევნებს ვახსენებთ. არადა, ჩვენი მიზანი რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნებია. შეგახსენებთ, მხოლოდ რიგგარეშე არჩევნები 120/30 პრინციპით ჩატარდება და ვერავინ გადამარწმუნებს, რომ იმავე შეცდომებისგან ვიქნებით დაზღვეული. ისევ ამ 30 მაჟორიტარში ავიბლანდებით, - ამ ივანიშვილის მიერ ჩატოვებულ ბოროტებაში. ეს კატეგორიულად დაუშვებელია

ჩვენი მიზანი მიიღწევა ორ საფეხურად:

. პირველი საფეხური. საპარლამენტო არჩევნების პროპორციულობა

1. 2024- მდე ჩატარებული ყველა რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით, 2%-იანი ბარიერით. ამისთვის და სხვა აუცილებელი საარჩევნო რეფორმისთვის, ოპოზიცია წყვეტს საპარლამენტო ბოიკოტს, შედის პარლამენტში აღნიშნული ცვლილებების, განსაკუთრებით საკონსტიტუციო ცვლილების - სრულად პროპორციულის, მხარდასაჭერად.

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. საფეხური მეორე:

2. დიდ ქალაქებში მერების ერთიანი კანდიდატებით და რაიონის საკრებულოებში კოალიციური თანამშრომლობით, მნიშვნელოვან ქალაქებში, პირველ რიგში თბილისში "ოცნების" დამარცხება. მხოლოდ პროპორციულ ნაწილში "ოცნების" 43%-ს ქვემოთ დატოვება, სწორი თანამშრომლობის პირობებში, სრულიად რეალისტური ამოცანაა, რაც, შეთანხმების მიხედვით, რიგგარეშე, პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებს ნიშნავს

3. სრულად პროპორციული რიგგარეშე მრავალპარტიული თავისუფალი არჩევნები 2022 წლის გაზაფხულზე

4. ასეთ პირობებში 15 მაისის მანიფესტაცია უნდა გადაიქცეს შეჯერებული კანდიდატების {თბილისის მერობის კანდიდატის} ნომინაციის საზეიმო მანიფესტაციად.

ოპოზიცია მიიღებს ახალ სიცოცხლეს. ადგილებზე ბევრგან გავიმარჯვებთ. სადაც ვერა - ოპოზიცია მძლავრად იქნება წარმოდგენილი. იგრძნობს გამარჯვების გემოს, დაიჯერებს გამარჯვებას. გაუჩნდება წვდომა ინფორმაციაზე, რესურსებზე. მიიღებს გამარჯვებისთვის აუცილებელ ჟანგბადს. დაამტკიცებს რომ შეუძლია კოალიციური მუშაობა და წელგამართული გავა საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც ყველა ერთად საქართველოს გამარჯვებას ვიზეიმებთ

პ.ს. თუ ოცნება არ მოაწერს ხელს, მთელი წნეხი მასზე იქნება

პ.პ.ს. მე კარგად მესმის, რატომ იკავებს თავს ენმ. შეუძლებელია, როცა თავმჯდომარე მოტაცებულია, მიიღო სრულფასოვანი გადაწყვეტილება. ამიტომ ხელმომწერი პარტიების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია დათქმა - ბოიკოტი შეწყდება მხოლოდ ნიკა მელიას განთავისუფლების მერე. ეს წნეხი აუცილებელია. თავისუფლებაზე მყოფ მელიასთან ერთად ენმ-ს საშუალება ექნება, მშვიდ ვითარებაში იმსჯელოს და ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს". - წერს გიგი უგულავა. 

დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. 

  • ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 
  • რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. 
  • და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.  

close დახურვა