logo
ENG



დეკანოიძე: კატეგორიულად მიუღებელია სამადაშვილზე თავდასხმა, ყველას ვთხოვ თავშეკავებას

20 აპრ 202101:57
3 წუთის საკითხავი
clock 6720
დეკანოიძე: კატეგორიულად მიუღებელია სამადაშვილზე თავდასხმა, ყველას ვთხოვ თავშეკავებას
ფოტო: ვახო ქარელი
ფოტო: ვახო ქარელი

ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ყოფილ თანაგუნდელზე, სალომე სამადაშვილზე პერსონალური თავდასხმა. დეკანოიძე ფეისბუქგვერდზე გავრცელებული სტატუსით მოუწოდებს სხვებსაც, თავი შეიკავონ განსხვავებული პოზიციის მიუღებლობისგან. 

"ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებები მხოლოდ ლოზუნგები არ არის. ევროპული მსოფლმხედველობა ერთმანეთის აზრისა და პოზიციის პატივისცემაა, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ის.

სალომე სამადაშვილს არ ვეთანხმები, მძიმე იყო [სალომე] ზურაბიშვილთან მისი ხილვა, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია მასზე ის პერსონალური თავდასხმა, რომელსაც სოციალურ ქსელში ვხედავთ. ყველას ვთხოვ თავშეკავებას და განსხვავებული პოზიციის მიმღებლობისკენ მოვუწოდებ. პოლიტიკურად შეგვიძლია ვიკამათოთ. სახე არ უნდა დავკარგოთ", - წერს ის. 

მას შემდეგ, რაც სალომე სამადაშვილმა შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს ენმ-სგან დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად მოაწერა ხელი, ფეისბუქზე ამას მის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა. 

სალომე სამადაშვილმა ჯერ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ "პაუზას" იღებს და ენმ-ს სახელით მოლაპარაკებებზე აღარ ივლის, მოგვიანებით კი ფეისბუქზე სტატუსი დაწერა თავის პარტიაზე, რომ "ამ გაუგებრობაში მისი ადგილი არაა".

"სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია-‘მელიას გამოშვების გარეშე არ მოვაწერთ ხელს ამ დოკუმენტს მაგრამ სხვებმა მოაწერონ, მელია და რურუა გამოაშვებინონ, მერე, ვინც მოაწერს, იმათ "მოღალატეს" დავუძახებთ. ოღონდ, მელიას გამოსვლის შემდეგ, თვითონაც აპირებენ პარლამენტში შემოსვლას. უხერხულია, მხოლოდ ამას ვიტყვი. ტალახს მაინც არ ვისვრი. ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა. წარმატებები", - წერს ის. 

ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი პრეზიდენტის რეზიდენციაში მოაწერეს.

მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს შემდეგმა ოპოზიციურმა პარტიებმა:

  • ლელომ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე];
  • სტრატეგია აღმაშენებელმა [გიორგი ვაშაძე];
  • რესპუბლიკურმა პარტიამ [ხათუნა სამნიძე];
  • გირჩმა [ვახტანგ მეგრელიშვილი];
  • მოქალაქეებმა [ალეკო ელისაშვილმა];

ინდივიდუალურად ხელი მოაწერა სალომე სამადაშვილმა, დავით ბაქრაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ. 

ხელისუფლების მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა. 

რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს მათ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. 

დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. 

  • ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 
  • რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. 
  • და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.  

რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში, წაიკითხეთ აქ.


close დახურვა